საზოგადოება
19/03/2020

სამშობლოში დაბრუნებულებს საკარანტინო ზონებს ტურიზმის ადმინისტრაცია დაახვედრებს

საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროცესს რთულს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ საამაყოა შესაძლებლობები მივმართოთ სავალდებულო საკარანტინო ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად.

მგზავრების აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსპორტირების მიზნით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 24 საათის განმავლობაში მობილიზებული ჰყავს კომფორტული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით ახორციელებენ მგზავრების გადაყვანას საკარანტინო ზონამდე.

მგზავრები ერთი მეტრის რადიუსის დაშორებით ე.წ. ჭადრაკული წყობით თავსდებიან, მათ ავტობუსებში „ლანჩბოქსებიც“ ხვდებათ, რადგან საკარანტინე ზონები სხვადასხვა რეგიონშია.

სასტუმროებს ადმინისტრაცია ძირითადად ქირაობს და ყველა ხარჯს სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავს. ამ დროისთვის ადმინისტრაციას 22 სასტუმრო აქვს ნაქირავები.

ამ ეტაპზე მომზადებულია დამატებითი საკარანტინო სივრცეები, რომ მოხდეს კორონავირუსის სწრაფი გავრცელების პრევენცია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივ კავშირზეა კერძო სექტორთანაც.

“ჩვენ ამ გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით“, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

Businesspartner