საზოგადოება
26/05/2023

შალვა ოგბაიძე: 10 წელზე დაბალი ასაკის ტაქსების "ბასლაინებში“ დაშვება არანაირ პრობლემას არ შექმნის

თბილისის მერიამ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური სტიკერების გაცემა დაიწყო. სტიკერს მიიღებენ იმ ტაქსის მძღოლები, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება.

1-ლი ივნისიდან ამ სტიკერის მქონე ტაქსებს თბილისში საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება ექნებათ.

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის შალვა ოგბაიძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ავტობუსების მოძრაობას ხელს არ შეუშლის, რადგან ამ ასაკის A კატეგორიის ტაქსები დედაქალაქში ძალიან ცოტაა.

ოგბაიძის თქმით, ქალაქში სულ 15 ათასამდე ტაქსია, თუმცა ლიცენზია გაცილებით მეტია, რადგან ერთ ავტომობილზე შესაძლოა ერთ, ორს ან მეტ ადამიანს ჰქონდეს აღებული ლიცენზია. ამ 15 ათასიდან კი 10 წელზე ნაკლები ასაკის 3341 ავტომობილია.

„ისინი რომ 10 რაიონზე გადაანაწილო, ერთ რაიონზე 300 ტაქსი მოდის. შეუძლებელია, ამ რაოდენობამ ბასლაინების გაჭედვა გამოიწვიოს. ამასთან, თქვენს წინ რომ ტაქსი მიდის და მარჯვნივ, ბასლაინზე გადავა, თქვენ ხომ ადგილი გითავისუფლდებათ? ვნახოთ, რა შედეგებს გამოიწვევს ეს ყველაფერი, ამას ცხოვრება დაარეგულირებს. თან, არავინ უნდა გაიგოს ისე, რომ, როცა ტაქსის მძღოლს „მოეპრიანება“, მაშინ გადაჭრის უწყვეტ ყვითელ ხაზს. ეს დაჯარიმებადია, მან წყვეტილი ხაზი უნდა გადაკვეთოს, ხოლო თუ ავტობუსი გაჩერებულია, კეთილი ინებოს და მის უკან გაჩერდეს. დანარჩენი ავტომობილების სამოძრაო ზოლში კი ასევე წყვეტილი ხაზიდან უნდა დაბრუნდეს,“ - განმარტა შალვა ოგბაიძემ.

რაც შეეხება საელჩოს და სხვადასხვა უწყების ავტომობილების „ბასლაინებში“ მოძრაობას, შალვა ოგბაიძის თქმით,  ეს საკითხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაარეგულირონ, რადგან მათი ასეთი ქმედება რიგით მოქალაქეებში პროტესტს იწვევს.

„ეს სხვა მძღოლებში „მეორეხარისხოვანი“ ადამიანის განცდას იწვევს, ამიტომ  კატეგორიულად მიუღებელია. ჩემს ხელთ არსებული ბერკეტებით ყოველთვის ვეწინააღმდეგები იმას, რომ ასეთი საშვები გაიცემა მანქანებზე, რომლებსაც არც ოპერატიულ დავალებაზე მიეჩქარებათ და არც რაიმე სხვა საქმეზე. დიპლომატიური ავტომობილების მძღოლები ხომ საერთოდ, დიპლომატების მეუღლეებს ასეირნებენ. კეთილი ინებონ და რიგითი მძღოლების რიგში იარონ. მე ვემხრობი იმ უწყებების მკაცრს ლიმიტირებას, რომელთა ავტომობილებმაც „ბასლაინებში“ უნდა იმოძრაონ.  ცხადია, აქ საუბარი არაა სასწრაფო დახმარებაზე ან სახანძრო ავტომობილზე,“ - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

Businesspartner