საზოგადოება
25/05/2023

შალვა ოგბაიძე: გზებზე ავტომობილების შემოწმება არაკეთილსინდისიერი მძღოლების მანიპულაციებს დაასრულებს

გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის შემოწმება არაკეთილსინდისიერი მძღოლებისა და იურიდიული პირების სხვადასხვა მანიპულაციებს დაასრულებს.

ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში განაცხადა.

ცნობისთვის:ივნისიდან ავტომობილს, რომელსაც მუქი ფერის გამონაბოლქვი ექნება, ქუჩაში მოძრაობისას სპეციალური ეკიპაჟი გააჩერებს და შეამოწმებს. თუკი ხელსაწყო დააფიქსირებს, რომ ვიზულური მხარის გარდა, პრობლემები გამონაბოლქვის შემადგენლობაშიცაა და მასში მავნე ნივთიერებები ნორმას აჭარბებს, მძღოლი დაჯარიმდება. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია, რომელიც, დარღვევის გამეორების შემთხვევაში გასამმაგდება. იურიდიული პირზე კი პირველადი სანქცია 500 ლარი იქნება, განმეორებით შემთხვევაში კი -  1500 ლარი.

შალვა ოგბაიძის თქმით, გზებზე ჯერ კიდევ გვხვდება ავტომობილები, რომელთაც მუქი ფერის გამონაბოლქვი აქვს. მათი შემოწმების პრერპგატივა კი პატრულ-ინსპექტორებს ვერ ექნებათ, ამიტომაც კანონმა განსაზღვრა სპეციალური ორგანო მათ გასაკონტროლებლად.

„საუბარია იმ ავტომობილების შემოწმებაზე, რომლებსაც გზებზე მოძრაობისას პერიოდულად ვხვდებით და მათი მისამართით ვამბობთ, რომ „ნამუსიც კარგი საქონელია.“ გარდა იმისა, რომ  გამონაბოლქვი წესრიგში არ აქვთ, ჩათვალეთ, რომ ასეთ ავტომობილს რაღაც სერიოზული პრობლემა გააჩნია. ამიტომ ეს რეგულაცია უბრალო თვითმიზანი არაა, რომ მხოლოდ CO-ს შემცველობა იყოს მინიმალური. ზოგადად ამ საკითხს ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი არეგულირებს, მაგრამ შემოწმებიდან შემოწმებამდე ზოგჯერ ეს ავტომობილები გამოდიან მწყობრიდან. არის საუბრები, რომ ტექინსპექტირების ცენტრებში გარკვეულ ხარვეზებზე თვალს ხუჭავენ, მაგრამ საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე ვიცი, რამდენად მკაცრად მოწმდება ავტომობილი, გარდა ამისა, ინსპექტირების ცენტრებში ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს. ასე რომ, ამ  ფაქტორს გამოვრიცხავ. უბრალოდ პერიოდულ ინესპექტირებებს შორის არის პერიოდი, როდესაც ავტომობილი ზიანდება ან უპასუხისმგებლო მძღოლები ან იურიდიული პირები ცდილობენ, როგორმე მიაღწევინონ ავტომობილებს ტექინსპექტირების დრომდე და შემდეგ ერთიანად გააკეთონ,“ - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

რაც შეეხება შემთხვევებს, როცა მძღოლებს ავტომობილები ტექინსპექტირებისთვის მოყავთ მეტნაკლებად  ნორმალურ მდგომარეობაში (ცვლიან ფილტრს, ასხამენ მაღალი ხარისხის ბენზინს და ა.შ.), შემდეგ კი ისევ უხარისხო საწვავზე გადადიან, შალბა ოგბაიძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციით ამგვარ მანიპულაციებს აზრი ეკარგება, რადგან, მძღოლს გზაზე მოძრაობისას, შავი ფერის გამონაბოლქბვის გამო სოლიდური თანხით დააჯარიმებენ.  ამიტომ ასეთი ექსპერიმენტები დასრულდება.

რაც შეეხება ამ კუთხით დარღვევების მასშტაბებს, შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ მას მსგავსი შემთხვევები ხშირად არ ხდება და, შესაბამისად, ბევრი ადამიანი არ დაჯარიმდება.

 

Businesspartner