ფოტო: Reuters: Arnd Wiegmann
საზოგადოება
27/09/2022

"შეიძლება, მოვიდეს დრო, რომ ზამთარში ვეღარ ვისრიალოთ" - რა პრობლემებს უქმნის კლიმატის ცვლილებები ტურიზმს

ვის არ უყვარს მოგზაურობა და მსოფლიოს ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულება, ოკეანეებისა თუ ზღვების სანაპიროებზე განტვირთვა, ან სამთო-სათხილამურო კურორტებზე დასვენება.

ალბათ, ბევრ ჩვენგანს ერთხელ მაინც გვინახავს, ან წარმოგვიდგენია საკუთარი თავი სახელგანთქმული ალპების პირისპირ. პირველი, რაც მის გაგონებაზე თავში აზრად მომდის, თოვლით დაფარული მისტიკური და თვალუწვდენელი მწვერვალებია. მაგრამ, მოდი კიდევ ერთხელ წარმოვიდგინოთ ეს მწვერვალები. თუმცა, ახლა არა თოვლით, არამედ დნობის პროცესში მყოფი ყინულის ნატეხებითა და ალაგ-ალაგ მწვანე ბალახით დაფარული.

დიახ, ეს წარმოდგენა ნამდვილად არ არის. ეს რეალობაა. ალპები ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობის ყინულის მასას კარგავს. თუ ატმოსფეროში სათბური აირების გაფრქვევა არ შემცირდა, 2 100 წლისთვის ეს ტერიტორია არსებული ყინულის მასის 80%-ს დაკარგავს. ამას გაეროს მთავრობათაშორისი პანელის ანგარიშში ვკითხულობთ. მეცნიერები მომდევნო 50 წლის განმავლობაში გერმანიაში ხუთი ალპური მყინვარის გაქრობას ვარაუდობენ. შვეიცარიაში კი ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე მდაბარე სოფლებში ტურისტებს თოვლით დაფარული ტერიტორიის ნაცვლად ახლა მხოლოდ შიშველი კლდეების ყურება უწევთ. კვლევების თანახმად, არსებული რეალობა უახლოეს წლებში ზამთრის ტურისტულ სერვისებზე მოთხოვნას 65%-მდე შეამცირებს.

"კლიმატის ცვლილებები პირდაპირი წესით აისახება არა მარტო ტურიზმზე, არამედ სხვადასხვა მიმართულებაზე. მაგალითად, რომ ვისაუბროთ სოფლის მეურნეობაზე, თავისთავად ეს სოფლის მეურნეობა ტურიზმთან კომბინაციაშია დაკავშირებული. კლიმატთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ნიადაგის დაზიანებით, კატაკლიზმებით ქმნის უამრავ პრობლემას. ეს თავისთავად არის იმის მაჩვენებელი, რომ ტურისტი საზღვრავს რომელი ქვეყანაა მისთვის პრიორიტეტული, სად რა გამოწვევები დგას. არა მარტო პოლიტიკური და პანდემიასთან დაკავშირებული, არამედ მსგავსი ტიპის პრობლემები ხშირად ხდება ხელის შემშლელი ფაქტორი",- განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნატალია ბახტაძემ. 

კლიმატის ცვლილებები უფრო მეტი გამოწვევით სავსეს და სარისკოს ხდის სათაგადასავლო ტურიზმის მიმართულებასაც. გახშირებული ტყის ხანძრები, ადიდებული მდინარეები და ამინდის ექსტრემალური პირობები მოგზაურობის მოყვარულებს პრიორიტეტების შეცვლისკენ უბიძგებს. სხვადასხვა ტურისტულ მიმართულებაზე უარის თქმა კი ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი ბიზნესის დახურვით სრულდება.

"ქვეყნები ძალიან დიდ ფინანსებს ხარჯავენ იმისთვის, რომ ეს პროცესი შეჩერდეს. თუმცა, ეს გარდაუვალია. უახლოეს 10 წელიწადში შეიძლება სრულიად განსხვავებული ეკო გარემო დახვდეს ქვეყანაში ნებისმიერ შემოსულს. შეიძლება გადააწყდეს მაქსიმალურ კატაკლიზმებს, ზღვის სანაპიროსთან დაკავშირებულ პრობლემებსაც კი.

ტურიზმი ძალიან სენსიტიურად გრძნობს მსგავსი ტიპის გამოწვევებს. თუ ეკონომიკურ ჭრილში გადავიტანთ ამ მაჩვენებლებს, ნებისმიერ ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდება საინფორმაციო საშუალებებით, ტურისტის ქცევაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს",- განმარტა ბახტაძემ. 

ტურიზმის სექტორზე კლიმატის ცვლილებების გავლენა არა საგანგაშო, თუმცა მაინც თვალშისაცემია საქართველოში. ბუნებრივი გეოგრაფიული მიმზიდველობა ნელნელა თავის ეშხს კარგავს და ჩნდება ისეთი პრობლემები, რომელზეც უახლოეს წარსულში ბევრს ვერავინ ვერაფერს იფიქრებდა.

"ყველაზე თვალშისაცემი არის მყინვარების სწრაფი დნობა. მაღალი რისკია მდინარეების ადიდების. ასევე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ტყის ხანძრების გახშირებული შემთხვევები. ნაკლებია წყლის რესურსი, რაც მნიშვნელოვნად აისახება სათავგადასავლო ტურიზმზე. იგივე კავკასიონზე, საკმაოდ დიდი პრობლემები გვაქვს. ადრე, როდესაც ამა თუ იმ წყაროდან ვიღებდით სასმელ წყალს, ახლა ეს წყაროები დამშრალია. ძირითადად აგვისტოსა და სექტემბერში წარმოადგენს საკმაოდ დიდ პრობლემას. მაღალი ტემპერატურაც რთულად გადასატანია სათავგადასავლო ტურიზმისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი უკვე ფიქრდება, ღირს თუ არა წავიდეს და იმოგზაუროს კლიმატის ცვლილების ფონზე. ხშირად, ისეთი მიმზიდველი აღარ არის ბუნება. ისეთი პრობლემები წარმოიშვა, რაც 15-20 წლის წინ ნაკლებად იყოს. ბუნებრივი გეოგრაფიული მიმზიდველობა ნელნელა თავის ეშხს კარგავს. მაგალითად, სამეგრელოს ბუნების ძეგლები. ჩანჩქერებსა და კანიონებზე წყლის დონე ისტორიულ მინიმუმს აღწევს. ბუნებრივია, ეს უარყოფითად აისახება ტურიზმზე",- აღნიშნავს "ბიზნესპარტნიორთან" სათავგადასავლო ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი, ჯონი კაპანაძე. 

სპეციალისტები შესაბამის უწყებებს სამთო-სათხილამურო კურორტების გენგეგმების შექმნასაც ურჩევენ. მიზეზი დასახლებისა და ურბანიზაციის სწრაფი ზრდაა, რასაც კლიმატის დაჩქარებული ცვლილება და კურორტის ბუნებრივი იერსახის ცვლილება მოჰყვება. თვალსაჩინოებისთვის მაგალითად ბაკურიანი მოჰყავთ.

"უამრავი მაგალითია სხვადასხვა სამთო-სათხილამურო კურორტის, სადაც ყოველწლიურად ნაკლები ნალექი მოდის. დამსვენებელი კი რისთვისაც ჩადის, იქნება ეს სრიალი, თუ უბრალოდ დასვენება, ვერ იღებს სასურველ ეკოსისტემურ სერვისს. მნიშვნელოვანია, რომ მორატორიუმი დაწესდეს და აღარ მოხდეს ამ ურბანული სივრცეების მუდმივად ზრდა და განვითარება. უნდა შეიქმნას რაიმე ჩარჩო, რომ იმ სამთო-სათხილამურო კურორტებმა, რომელიც საქართველოსთვის სავიზიტო ბარათი იყო, არ დაკარგოს თავისი ისტორიული ფუნქცია. შეიძლება მოვიდეს დრო, რომ ზამთარში ვეღარ ვისრიალოთ. ეს წარმოუდგენელია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდეთ, რომ არ ვიყოთ როლი, რომელიც კლიმატის გლობალურ ცვლილებაში მნიშვნელოვან როლს მოიტანს. უნდა ვიყოთ მაქსიმალურად თვითკმარები",- განაცხადა კაპანაძემ. 

გლობალური კლიმატის ცვლილება ასეთი თვალსაჩინო არასდროს ყოფილა. გასაკვირი არც არის, რომ სხვადასხვა სექტორთან ერთად ტურიზმიც მისი მსხვერპლი აღმოჩნდა. ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი მონაცემები, ეკონომიკური თვალსაზრისით რა ზარალს აყენებს 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევა ინდუსტრიას. თუმცა, ნათელია, რომ საუბარი მილიარდობით დოლარზეა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები