საზოგადოება
20/03/2023

"სიდრის კლუბში ბაზალეთზე" ახალი ქართული მხატვრული ფილმის "ზამთრის დეპრესია" ჩვენება გაიმართა

სიდრის კლუბი ბაზალეთზე“, შუშხუნა სიდრისა და უგემრიელესი კერძების თანხლებით, ახალი ქართული ფილმის „ზამთრის დეპრესია“  ჩვენება გაიმართა.

 შაბათ საღამოს, თბილისიდან 20 წუთის სავალზე, ბაზალეთის ტბის პირას, სასიამოვნო, სალონურ გარემოში  საქართველოში წარმოებული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის დაგემოვნებაც შედგა და კინოჩვენების შემდეგ, ფილმის რეჟისორის თაზო ნარიმანიძისა და მსახიობის, ირაკლი ხრიკაძის ჩართულობით,  დისკუსია და კინოს ზოგადი განხილვაც მოეწყო.

„ზამთრის დეპრესია“ სამყაროში დაკარგულ და საკუთარი თავის მაძიებელ ადამიანზეა, ფილმის მთავარი პერსონაჟი მწერალია, რომელიც არეული პირადი ცხოვრების და ოჯახური ტრაგედიის გამო ქალაქიდან მშობლიურ სოფელში გადადის და ახალ ცხოვრებას იწყებს. საკუთარი თავის ძიების პროცესი დიდი ტკივილითა და ამავე დროს თანაგრძნობით სავსე აღმოჩნდება.

 „მაყურებლისგან შეფასებების მოსმენა ყველაზე კარგი გაკვეთილია, რათა სამომავლოდ  გაითვალისწინო, რა შეცვალო ან  გააგრძელო ისე როგორც შენ ფიქრობ. ჩვენების შემდეგ, მყუდრო გარემოში შევძელით მოსაზრებების გაცვლა და დისკუსიის გამართვა მაყურებელთან, რაც ჩემთვის და ზოგადად ნებისმიერი ხელოვანისთვის აუცილებელია. როდესაც პირდაპირი კომუნიკაცია გაქვს მაყურებელთან ავტორისთვის უფრო ნათელი ხდება რამდენად სწორად მივიდა ნამუშევარი აუდიტორიამდე, რამ მოახდინა ზეგავლენა და რამ არა, შესაბამისად მსგავსი ურთიერთობის კულტურა ავტორსა და მაყურებელს შორის ყოველთვის სასარგებლოა ორივე მხარისთვის. მადლობა სიდრის კლუბს და დამსწრე აუდიტორიას, რომ ამის საშუალება მომეცა. აღსანიშნავია ისიც, რომ კლუბმა მისცა შესაძლებლობა, საზოგადოების იმ ნაწილს ენახა კინო, სადაც კინოთეატრი არაა. საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება იყო სიდრის კლუბის კინოჩვენება.“ - აღნიშნავს ფილმის რეჟისორი თაზო ნარიმანიძე.

რატომ „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ და რატომ შუშხუნა სიდრი? „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე ხაზს უსვამს სწორედ კლუბში არსებულ მყუდრო, გემოვნებიან და სალონურ გარემოს. სიდრთან ერთად კი, ეს ყველაფერი უფრო მიმზიდველი და სასიამოვნოა.

სიდრის კლუბი ბაზალეთში ყოველ შაბათ-კვირას ვმართავთ სხვადასხვა სახის კულტურულ, საგანმანათლებლო და შემეცნებით სალონური საღამოებს. ვფიქრობ ეს დღეც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნება, რადგან ჩვენთან გამართული ყოველი კინოჩვენება მაღალი აქტიურობითა და აუდიტორიის კმაყოფილებით გამოირჩევა. ჩვენთან მოსულ სტუმარს მოსწონს ამ გარემოში საინტერესო ფილმის ყურება და შემდეგ რეჟისორთან და მსახიობებთან ცოცხალი დისკუსია,“ - განმარტავს სიდრის კლუბი ბაზალეთზე დამფუძნებელი.

“კიდევ ერთი, მართლა კარგი ქართული კინო ვნახე, ზაფხულის რომანის, საინტერესო ვერსია, რომელიც ბევრ კითხვას გაგიჩენთ, ბევრ პარალელს გაავლებთ საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან,” - გვეუბნება „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ერთ-ერთი გულშემტკივარი ზალიკო წულუკიძე.

შეგახსენებთ, რომ ფილმი „ზამთრის დეპრესია“ დებიუტანტ რეჟისორს თაზო ნარიმანიძეს ეკუთვნის, რომელიც მისივე დაწერილი მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. სცენარზე რეჟისორმა მწერალ სანდრო ნავერიანთან ერთად იმუშავა. „ზამთრის დეპრესია“ გადაღებულია საპროდიუსერო კომპანია Film Asylum-ის და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პრემიერა 2022 წლის 22 სექტემბერს შედგა.

“სიდრის კლუბი ბაზალეთზე”  მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია,  ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხოა, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმენტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და  იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი  ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.

 

Businesspartner