საზოგადოება
24/11/2021

სოსო ბერიკაშვილი: დღეს არსებული სოციალური პოლიტიკა უსაქმურობის მოტივატორია

“ნაწილობრივ ვეთანხმები სოციალური პოლიტიკის შესახებ ახალ პროგრამას, რადგან არსებული პოლიტიკა უსაქმურობის მოტივატორია,“ – ასე აფასებს "კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, რომელიც სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას გულისხმობს.

ბერიკაშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სოციალური პოლიტიკა შესაცვლელია, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გააზრება თუ რა არის ამ ცვლილებების მიზანი და როგორ შეიძლება მათი განხორციელება.

“შრომისუნარიანი მოსახლეობის რესურსი რომ არ არის გამოყენებული, არაფერს აკეთებენ და დახმარებას იღებენ, ცალსახად, არასწორია, ამის ფუფუნება არ გვაქვს. უბრალოდ რაღაცები დავავალოთ ხალხს, რომ არ გაზარმაცდნენ, არც ეს არის სწორი მიდგომა. საჭიროა რესურსის კარგად გამოყენება, გრძელვადიანი პოლიტიკის დასახვა, თუ როგორ შექმნიან სამუშაო ადგილებს, რომელიც სარგებელს მოუტანს, როგორც დასაქმებულს, ასევე სახელმწიფოს.

რა თქმა უნდა, ინიციატივის სწორად განხორციელება, სოციალურად დაუცველ მოსახლებას თავიდან აარიდებს არალეგალურ სამუშაოებს, რომელზეც სოცდახმარების შეწყვეტის შიშით თანხმდებოდნენ. გრძელვადიანი პოლიტიკა სწორედ იქით უნდა იყოს მიმართული, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამაინი იყოს სახელმფიფოს კმაყოფაზე, “– აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ახალ სოციალურ ხედვაზე იწყებს მუშაობას.

ახალი დოკუმენტის წარმოდგენას, პრემიერი რამდენიმე კვირაში გვპირდება. დოკუმენტში გაწერილი იქნება როგორ უნდა შეიცვალოს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უწოდებს, "არსებული მანკიერი სისტემა" გაჯანსაღებულით.

 

 

Businesspartner