საზოგადოება
13/09/2021

stopcov.lotto.ge-ს პირველი გამარჯვებული ხვალ, 12:00 საათზე გამოვლინდება

ვაქცინირებულებისთვის პირველი გათამაშება ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება.

"პირველი გამარჯვებული გამოვლინდება დღევანდელი დღის ჩათვლით ყველა ვაქცინირებული ადამიანებიდან. შესაბამისი მონაცემები უკვე გადაცემულია ლატარიის კომპანიისთვის, რომელიც ხვალ, 12:00 საათზე განახორციელებს პირველ გათამაშებას," - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გათამაშება გაიმართება ვებგვერდზე - stopcov.lotto.ge, როგორც ყოველდღიურ, ასევე ყოველკვირეულ ფორმატში.

„მონაცემები განახლდება ყოველდღიურად. დღევანდელი მონაცემები, დღის ბოლოს მიეწოდება ლატარიის კომპანიას, შესაბამისად, თუ პიროვნება აიცრა დღეს, მას უკვე შესაძლებლობა ექნება, ხვალ მიიღოს მონაწილეობა გათამაშებაში. შესაბამისად, სანამ ეს გათამაშება იქნება, იგივე პრინციპით განხორციელდება მონაცემების მიწოდება და შემდეგ გათამაშება", - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

"აიცერი და მოიგე" – Stop Covid ლატარია ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის იმართება. ყველა ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც არის აცრილი ან აიცრება, მიიღებს ფულის მოგების შესაძლებლობას.

ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, შემაჯამებელ გათამაშებაში კი რომელიც  31 დეკემბერს გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი.

Businesspartner