საზოგადოება
13/08/2020

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტო "ბიზნესპარტნიორთან"  სპეციალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებული ქათმის გაყინული ფრთებით ადამიანების კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტები ამ ეტაპზე არ დასტურდება.
 
როგორც უწყებაში  განმარტავენ, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში, შესაბამისმა სამსახურებმა ყველა ის პირი გამოიკვლია, რომლებსაც შესაძლოა გაყინული ქათმის აღნიშნულ პარტიასთან რაიმე კონტაქტი ჰქონოდა.
 
სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებთან და მუდმივად იღებს განახლებულ ინფორმაციებს.
 
სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია.
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სურსათის იმპორტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ აღიარებული საწარმოებიდან, ასევე, იმ საწარმოებიდან, რომლებშიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებს ჩატარებული აქვთ ინსპექტირება და რომლებიც აკმაყოფილებენ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
 
შეგახსენებთ,დღეს Reuters–მა ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთში,ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა.

 


Businesspartner