საზოგადოება
26/07/2022

სუს-ს სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით, BTU-ში სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ურთიერთთანამშრომლობის მიზანს უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით ახალი, მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის შემუშავება და განხორციელება წარმოადგენს.  

სამაგისტრო პროგრამა მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ და სამეცნიერო-კვლევით აქტივობას, რომელსაც შერჩეული მაგისტრანტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გაივლიან.

პროექტი უნიკალურია თავის შინაარსით და აერთიანებს სასწავლო კურსებს ეროვნული უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის, საერთაშორისო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, თანამედროვე კონფლიქტებისა და სხვა სფეროებში. კურსებს დარგის წამყვანი ექსპერტები და უსაფრთხოების სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტები გაუძღვებიან.

პროგრამის მეთოდოლოგია იქნება კვლევაზე დაფუძნებული. პროგრამაში, ასევე, ინტეგრირებული იქნება სწავლების პრაქტიკული მეთოდი - „სწავლა კეთებით“ (learning by doing), რომელიც მაგისტრანტებს მისცემს შესაძლებლობას, შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა და გამოიმუშაონ პროფესიული უნარები.    

სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა ესპანელი  ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, რუბენ არკოსი, რომელმაც ქართველ ექსპერტებთან ერთად მოამზადა კურიკულუმი.

 

 

 

Businesspartner