საზოგადოება
29/11/2022

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება - რა იცვლება

თბილისის მერია ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე გადადის. როგორც თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რეფორმის მესამე ეტაპზე, A კატეგორიის ტაქსის ნებართვა გახდება ფასიანი ქაღალდი.

„ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე, A კატეგორიის ტაქსის ნებართვა გახდება ფასიანი ქაღალდი. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ. ტაქსის ნებართვის წლიური მოსაკრებელი დარჩება უცვლელი. ტაქსის ნებართვების ბაზრის მომსახურება განხორციელდება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. ნებართვით სარგებლობა შესაძლებელი იქნება, როგორც ტაქსის მომსახურებით, ისე იჯარის, გირავნობისა და რეალიზაციის ფორმით გადაცემით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეფორმასთან დაკავშირებით სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა ბოლო მონაცემებით, თბილისში ტაქსის 17370 ლიცენზიაა გაცემული.

უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მერმა განაცხადა, რომ მესამე ეტაპისთვის ტაქსის სერვისის გაწევისას, ავტობუსის ზოლში ავტომანქანის გაჩერებისა და მგზავრის აყვანის საკითხიც იქნება გათვალისწინებული. "უზრუნველვყოთ მისი ლეგალიზება, რათა არ მოხდეს ტაქსის მომსახურების გამწევი პირების დაჯარიმება. ამისთვის დაგვჭირდება საკანონმდებლო ცვლილება. დაამუშავეთ ეს თემა ისე, რომ პრობლემა არ შეექმნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას", - აღნიშნა თავის დროზე ამ საკითხზე მსჯელობისას კახა კალაძემ.

Businesspartner