საზოგადოება
11/01/2022

თამარ გაბუნია: ვფიქრობ, თბილისის ინფექციური ახალ შენობაში წელს გადავა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის რემონტი წელს დასრულდება. მანამდე კი, საავადმყოფო ძველ შენობაში დარჩება და მის ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნება. 

"ეს კლინიკა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. წელს ახალი შენობის რემონტი სრულად დასრულდება. მას გაკრვეული ადაპტაცია სჭირდება ინფექციის კონტროლის მიზნებისთვის. იმიტომ გართულდა და გახანგრძლივდა ეს პროცესი, რომ სპეციფიკური ტექნიკური დახმარება და ექსპერტიზაა საჭირო, რათა შენობა შესაბამისად მოეწყოს. ვფიქრობ, წელს იქნება ბოლო ვადა, რომ ინფექციური დაავადებების ცენტრი გადავიდეს ახალ შენობაში და ეს საკითხი დაიხუროს.  შიდსის ცენტრის ფუნქციონირებას არავითარი რისკი არ შეექმნება. შეთანხმებაზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ შიდსის ცენტრი დავტოვოთ იქ, სადაც არის, სანამ რემონტი დასრულდება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ,საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო დაწესებულება საკუთარი შენობა-ნაგებობების გარეშე 2009 წელს დარჩა. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია –  თითქმის 6 ჰექტარი მიწა მასზე დამაგრებული 11 შენობა ნაგებობით, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა. ტერიტორია 12 მილიონად გაიყიდა და ის აუქციონის ერთადერთმა მონაწილემ „ავერსი ფარმამ“ იყიდა. ამის შემდეგ გაიცა პირობა, რომ კლინიკას  ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მანამდე კი ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაცია შენობებში დროებით, იჯარის ხელშეკრულებით დარჩებოდა.
თუმცა პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა.

გასულ წელს მთავრობამ ინფექციური კლინიკისთვის ახალი შენობა იყიდა, რომელიც ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს და რომელიც 40 მილიონი ლარის ღირებულებისაა. რემონტი მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რათა პერსონალს მუშაობის სათანადო პირობები ჰქონდეს.

Businesspartner