საზოგადოება
15/04/2021

თამბაქოს მოხმარების წესები უმეტესად საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა

თამბაქოს მოხმარების წესები უმეტესად საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა, - ამის შესახებ “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობის შესახებ პარლამენტის კვლევაშია ნათქვამი.

საკანონმდებლო ორგანო მიიჩნევს, რომ ამ სექტორსა და დაწესებულებებში მონიტორინგი გააქტიურებას საჭიროებს.

კვლევის საფუძველზე პარლამენტი კანონის აღსრულების ხარვეზებსა და მიღწეულ შედეგებს მიმოიხილავს.

კვლევაში ნათქვამია, რომ თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის შედეგად იკვეთება ზოგიერთი დაავადების შემთხვევების შემცირების ტენდენცია. კერძოდ, საგულისხმოა სტენოკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, გულის მწვავე იშემიური დაავადების სხვა ფორმების, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, ინსულტის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების კლება.

საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ სამასპინძლო ბიზნესს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ამოქმედებით სტუმრები არ შემცირებია, პირიქით, შემოსავლებისა და მომხმარებლის რაოდენობათა მნიშვნელოვანი მატების ტემპი შენარჩუნბულია ან გაზრდილია. "2018-2019 წლის დასაწყისისთვის სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციასთან დაკავშირებულმა დარღვევებმა მნიშვნელოვნად იკლო. თუმცა, ვლინდება თამბაქოს ღერებით გაყიდვის მავნე პრაქტიკა, რაც ამ მიმართულებით ადმინისტრირების გაძლიერებას საჭიროებს", - ნათქვამია კვლევაში.

კანონის აღსრულების პროცესში თამბაქოს ნაწარმის რეკლამის აკრძალვის მაჩვენებელი მაღალია - 96-98%.

“გამოვლინდა თამბაქოს ინტერნეტით რეკლამირების, განსაკუთრებით ელექტრონული სიგარეტის, გახურებული თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს ახალი ნაწარმისა და მათი აქესუარების სოციალური და სხვა ქსელებით რეკლამირების, და საცალო რეალიზაციის ფაქტები. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისთვის ეს ყურადსაღებია, რათა მან საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შემოსავლების სამსახურისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშაოს“,- აცხადებენ პარლამენტში.

კვლევაში ნათქვამია, რომ ტელეარხები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიმართვის მიუხედავად, თამბაქოთი გამოწვეული ზიანის თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით სოციალური რეკლამის განთავსებაზე ზოგჯერ უარს ამბობენ.

გამოვლინდა, რომ საზოგადოებაში არსებობს თამბაქოსთვის თავის დასანებებლად კონსულტაციების მიღებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების მოთხოვნილება, გამოიკვეთა მისი ზრდის ტენდენცია.

ზოგადად, “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ,რეფორმის განხორციელების მაჩვენებელი 96%-ია. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით დასტურდება, რომ ამ რეფორმის მხარდაჭერას და მისი განხორციელების გამო კმაყოფილებას საქართველოს მოსახლეობის 86% გამოხატავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები