საზოგადოება
13/09/2021

ტანა, თეძამი, თრიალეთი - საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიები დაარსდება

საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება იგეგმება. პარლამენტმა 2021 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიაგი გეგმა შეიმუშავა. 

გეგმის თანახმად, დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, “დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ კანონში“ შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ალგეთის ეროვნული პარკის ბაზაზე შეიქმნება თრიალეთის ეროვნული პარკი, საიდანაც ნაწილი წარმოადგენს ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიას და დამატებით ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება მდინარეების - თეძამისა და კავთურას ხეობებს და თრიალეთის ქედის ჩრდილო ფერდობებს. ამისთვის 2022 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები, რაც საჭირო იქნება ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში დამატებით თანამშრომლების ასაყვანად და მათი აღჭურვისთვის.  

გარდა ამისა, პარლამენტში წარადგენენ “ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ ახალი კანონპროექტი, რომლის მიზანი იქნება ახალი დაცული ტერიტორიების - ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის და ტანას აღკვეთილის დაარსება, მათი მართვის და ფუნქციონირების სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება. აღნიშნული კანონპროექტის მოახდენს გავლენას 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე. 

ცვლილება შევა “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონშიც. პროექტი დაკავშირებული იქნება ზუთხისებრთა სახეობის თევზების დაცვასთან. კოლხეთის ეროვნული პარკის ფართობი გაიზრდება 692.5 ჰექტარით და გახდება 45001 ჰექტარი. (692,5 ჰა-დან სახმელეთო ფართობი გაიზრდება 195,5 ჰექტარით და გახდება 29 229 ჰა, ხოლო ზღვის აკვატორია გაიზრდება 497 ჰექტარით და გახდება - 15 772 ჰა).

 

 

Businesspartner