საზოგადოება
20/03/2023

თბილისის მერიამ დღეიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა შეწყვიტა

დღეიდან თბილისში A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდა. შესაბამისად, ის მძღოლები, რომლებმაც 20 მარტამდე მუნიციპალიტეტს არ მიმართეს, უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ. აღნიშნული ნებართვების გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას  ნებართვის მფლობელები თავად შეძლებენ.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ განმარტა, პირველი აპრილიდან ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება და ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები.

კერძოდ, მუნიციპალიტეტი ახალი სისტემით გათვალისწინებულ, A კატეგორიის ნებართვას გასცემს ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში, თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას, ერთ ფიზიკურ პირზე ერთი ნებართვის პრინციპით.

ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება ელექტრონულ ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge.

A კატეგორიის ნებართვის საფასური უცვლელი დარჩება. კერძოდ, ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის შეადგენს 100 ლარს, ჰიბრიდებისთვის – 50 ლარს, ელექტრომობილებისთვის კი 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უფასოა, თუმცა გადასახადი გადანაწილდება დღიურ გადახდაზე. კერძოდ, ერთ კალენდარულ დღეში 0,27 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე განისაზღვრება ერთ კალენდარულ დღეში 0,13 ლარით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნებართვაზე არ არის მიბმული სატრანსპორტო საშუალება ან/და მძღოლი, საფასური  დღეში 3 ლარია.

რეფორმა A კატეგორიის მძღოლებისთვის არ ითვალისწინებს რაიმე დამატებითი გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას. ამასთან, რეფორმის ფარგლებში არ არის დაწესებული ასაკობრივი ზღვარიც.

რაც შეეხება B კატეგორიას, მასთან დაკავშირებული ნებართვები უცვლელი რჩება.

ტაქსების რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. A კატეგორიის ტაქსისთვის განისაზღვრა ერთიანი სტანდარტი - თეთრი ფერი და მანათობელი ნიშნები, წარწერით TAXI TBILISI, გარდა ამისა, მათთვის დედაქალაქში გაჩნდა ადგილები, სადაც შეუძლიათ ავტომანქანების გაჩერება და ამაში არანაირ გადასახადს არ იხდიან. მეორე კატეგორიაში გადიან ტაქსები, რომლებსაც არ აქვთ თეთრი ფერი და მუშაობენ აპლიკაციით.

Businesspartner