საზოგადოება
29/03/2023

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სიჩქარის შემზღუდველი "ჭკვიანი მოწყობილობა" ინტეგრირდება

სიჩქარის შემზღუდველი ჭკვიანი მოწყობილობა, საქართველოში, ავტოგაქირავების სერვისის გარდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ინტეგრირდება. საკითხზე სტარტაპ-კომპანია VOOVOO მუშაობს, რომელსაც ინოვაციური გამოგონება ეკუთვნის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ VOOVOO-ს დამფუძნებელმა და ოპერაციების დირექტორმა გიორგი ესვანჯიამ განუცხადა, საკითხზე მოლაპარაკებები თბილისის მერიასთან მიმდინარეობდა.

„ჩვენი მოწყობილობის დანერგვა დაგეგმილია დედაქალაქის სამარშუტო ტაქსებში. მემორანდუმი გაფორმებული გვაქვს თბილისის მერიასთან. ამასთან, ვპარტნიორობთ სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებიც ჩართულები იქნებიან ამ პროცესის განხორციელებაში. მათ შორის, გაეროსთან.

საგზაო უსაფრთხოების მიმდინარე ათწლეულის გეგმის მთავარი შემადგენელი ნაწილი არის ის, რომ უნდა მოგვარდეს გზებზე სიჩქარის გადაჭარბების პრობლემა და ავარიების რაოდენობა 50%-ით შემცირდეს.

შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ ამ ყველაფერის გაკეთებას ჯერ თბილისის სატრანსპორტო მიმართულებით. შემდეგ უკვე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტში და სხვა კომერციულ, თუ საჯარო ტრანსპორტში, რომელიც ჩაართულია ტვირთისა და მგზავრების გადაყვანაში“, - აღნიშნა გიორგი ესვანჯიამ.

მისივე ინფორმაციით, სიჩქარის გადაჭარბება არის ავარიის ყველაზე მძიმე შემთხვევა.

„70 პროცენტი გარდაცვალების შემთხვევების სიჩქარის გადაჭარბებაზე მოდის. ეს ტექნოლოგია თუ მასიურად დაინერგება, სატრანსპორტო ინდუსტრიაში შესაძლებელი იქნება სიკვდილიანობის შემცირება 40 პროცენტით“, - განმარტა VOOVOO-ს დამფუძნებელმა და ოპერაციების დირექტორმა.

შეგახსენებთ, მალე თბილისში ისეთი ტიპის ავტომობილები ივლის, რომლებიც სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით იქნება აღჭურვილი. გამოგონებამ, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს და ადამიანების სიცოცხლეს იხსნის, ყველა სახის ტესტირება უკვე გაიარა და ის ახლა, რეალიზაციაში ჩასაშვებად ემზადება.

ინოვაციური მოწყობილობა ქართულ-ლატვიურმა სტარტაპმა VOOVOO-მ შექმნა და ის გარდა საქართველოსი, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაინერგება.

საწყის ეტაპზე, როგორც უცხოეთში, ისე ადგილობრივ ბაზარზე, სიჩქარის შემზღუდველი ჭკვიანი მოწყობილობა მხოლოდ ავტოგაქირავების ბაზარზე გამოჩნდება. რაც შეეხება თავისუფალ გაყიდვებს, ფიზიკური პირები, კერძო მოხმარების ავტომობილისთვის, ჭკვიანი მოწყობილობის შეძენას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს, 2025 წლიდან შეძლებენ.

Businesspartner