საზოგადოება
09/06/2021

თბილისში კიდევ ორი პარკის რეაბილიტაცია დაიწყო

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისში კიდევ ორი პარკის რეაბილიტაცია დაიწყო. 

კახა კალაძის თქმით, სამგორის რაიონში, ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში რიგის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო ვაჟა-ფშაველას გამზირზე მარშალ გელოვანის სახელობის პარკის განახლების სამუშაოები დაიწყო. 

„სამგორის რაიონში, კონკრეტულად ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში ხორციელდება რიგის პარკის სრული რეაბილიტაცია. დაახლოებით 40 000 კვ.მ სივრცის განახლება ხდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნების, საფეხმავლო ბილიკების, განათების, ვიდეომეთვალყურეობის და სარწყავი სისტემების მოწყობა. ტერიტორიას დაემატება გამწვანებული თარგები და გაიზრდება მწვანე საფარის მოცულობა, ასევე, განთავსდება ფანჩატურები და ტრენაჟორები. ბავშვებისთვის იქნება სპეციალური ზონები, სადაც ატრაქციონები მოეწყობა. გარდა ამისა, მედიათეკის ტერიტორიაზე მოეწყობა შადრევანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4,5 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მწვანე სივრცეების აღდგენა და მოწყობა სხვადასხვა უბანში აქტიურად მიმდინარეობს. 

„კიდევ ერთი მიმდინარე პროექტია ვაჟა-ფშაველას გამზირზე მარშალ გელოვანის პარკის რეაბილიტაცია და განახლება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ამ კონკრეტული სივრცის ფართობი, დაახლოებით, 5 500 კვ.მ ფართობია. 

ამჟამად იცვლება საფეხმავლო საფარი, პანდუსები, ტერიტორიაზე საბაღე ფურნიტურა განთავსდება, რეაბილიტირდება არსებული შადრევანი და მის მიმდებარედ, დამატებით, გამწვანებული  თარგები მოეწყობა.

ამ პროექტის ფარგლებში, კიდევ უფრო იზრდება მწვანე სივრცეების რაოდენობა, ასევე, იგეგმება საბავშვო მოედნის განახლება, სასმელი წყლისა და განათების სისტემების მონტაჟი, ასევე, ჰიდროთესვის პრინციპით დაითესება ბალახი. სკვერში მოეწყობა სარწყავი სისტემაც, რასაც დიდ  ყურადღებას ვუთმობთ, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია რაიმე გამწვანებაზე ფიქრი. 

თუ დააკვირდებით, გზაგამყოფებზე, რომელიც ახლა მთლიანად გამწვანებულია,   სარწყავი სისტემა ყველგან მოწესრიგებულია, იმისთვის, რომ მცენარეები მომავალშიც შენარჩუნდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება  800 000 ლარს შეადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები