საზოგადოება
21/01/2021

თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო

სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი Facebook-ზე წერს.
 
„ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას!საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!
 
ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე“-წერს წულუკიანი. 
 
შეგახსენებთ, რომ საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე 12 წლიანი სამართლებრივი ბრძოლა მოიგო. ეს საერთაშორისო სასამართლოს მიერ პირველი შეფასებაა, რომელიც ადასტურებს, რომ 2008 წელს ადგილი ჰქონდა რუსეთის მხრიდან ეთნიკურ წმენდას. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან სამოქალაქო პირების ღირსების შემლახა ქმედებებს და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მანამდე კი 2019 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის მიყენებული არამატერიალური ზიანის მიყენების გამო 10 მლნ ევროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა საქართველოს სულ მცირე 1 500 მოქალაქეს, რომელიც 2006 წელს ქვეყნიდან გამოაძევა. ეს გადაწყვეტილება რუსეთს დღემდე არ აღუსრულებია.
 
 
 
 
 
Businesspartner