საზოგადოება
03/08/2021

თეა წულუკიანი: ხელოვნების მუზეუმის აღსადგენად 2022 წლიდან ასიგნებებს გამოვყოფთ

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ხელოვნების მუზეუმი მძიმე მდგომარეობაშია და მის აღდგენას ბევრი ფინანსური დანახარჯი დასჭირდება. ამისთვის, 2022 წლიდან შესაბამისი ასიგნებები გამოიყოფა. 

მისი თქმით, ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატებს დაცულ, დროებით ადგილას გადაიტანენ. 

“ჩვენ პირველ რიგში ამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, სანამ ამ ძეგლს აღვადგენთ. ამავე ადგილას ამ ძეგლის აღდგენის შედეგად, უკვე აღდგენილ შენობაში განვაახლებთ ამავე მუზეუმს და როდესაც ის მზად იქნება, რომ მიიღოს თანამედროვე პირობებში და სტანდარტების დაცვით ეს ექსპონარტები, ისინი დაბრუნდება. ეს არის ძალიან დიდი შრომა.

შენობის მდგომარეობა, რომელსაც ბოლო 15-20 წლის განმავლობაში არავინ შეხებია და სამწუხაროდ მზრუნველობის ქვეშ ნაკლებად იყო, მძიმეა და დიდი ფინანსური დანახარჯი იქნება საჭირო, მაგრამ შევთანხმდით იმაზე, რომ მრავალი გამოწვევის მიუხედავად, 2022 წლიდან შესაბამის ასიგნებებს ეტაპობრივად გამოვყოფთ“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, შენობის აღდგენის კონსტრუქციულ ნაწილში პროექტის ხელმძღვანელად დაინიშნა გიგლა ჭანუყვაძე.

“რა თქმა უნდა ერთი ადამიანი ამას ვერ გასწვდება და ჩვენ ველოდებით, რომ მან პროფესიონალების გუნდი დააკომპლექტოს. შემდეგ უკვე მოვიწვევთ ამავე ჯგუფში სამუშაოდ როგორც არქიტექტორ-რესტავრატორებს, ასევე ხელოვნებათმცოდნეებს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, 5 აგვისტომდე კონკრეტული სივრცე დასახელდება, სადაც დროებით მოთავსდება ასეულობით ათასი ექსპონატი.  

“თუმცა, აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ექსპონატები შორს ვერ გადაადგილდება, განსაკუთრებით ოქროს ფონდში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ზოგიერთი ექსპონატი ფიზიკურად ვერ აიტანს შორს გადაადგილებას. ამიტომ, ის ორი სივრცე, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი, ამაზე დღეს-ხვალ გვაქვს ვადა და მოგახსენებთ. არ იქნება თვითონ კონკრეტული მუზეუმისგან შორს მდებარე სივრცეები, სადაც დროებითი საცავები მოეწყობა, ვიდრე მუზეუმი არ აღდგება და განახლდება“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.  

Businesspartner