საზოგადოება
22/02/2023

თეთრიწყაროში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის გზშ-ს საჯარო განხილვა გაიმართა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროსა და სოფელ შავსაყდარში, „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" წარმომადგენლები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, პროექტის დაინტერესებული მხარეები და ადგილობრივი მოსახლეობა.

საჯარო განხილვა ღია ფორმატის იყო და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის საშუალება საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ჰქონდა.

ანგარიშის მიხედვით, ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტის მშენებლობა და ოპერირება განხორციელდება საერთაშორისო სტანდარდების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს რეგიონში ეკოლოგიურ და საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

პროექტი  ითვალისწინებს, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას და მის აღჭურვას ტექნიკური საშუალებებით. აღნიშნული ობიექტი მოემსახურება რეგიონის 5 მუნიციპალიტეტს, კერძოდ, წალკას, დმანისს, თეთრიწყაროს, მარნეულსა და ბოლნისს. ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, საპროექტო რეგიონებში არსებული (ძველი) ნაგავსაყრელები ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება.

“ქვემო ქართლის ნარჩენების პროექტი” შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

Businesspartner