საზოგადოება
14/10/2022

უახლესი კლასიფიკაციით და გაიდლაინებით შედგენილი პაროდონტოლოგიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

ქეთევან გოგილაშვილისა და თეა ნაცვლიშვილის პაროდონტოლოგიის ორტომეულის პრეზენტაცია სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსში“ გაიმართა. სახელმძღვანელო უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე თანამედროვე კლასიფიკაციით და მკურნალობის გაიდლაინებით არის მოწოდებული და სტუდენტებს, რეზიდენტებს და ექიმებს აძლევს საშუალებას, პაროდონტოლოგია, როგორც უმნიშვნელოვანესი მიმართულება სტომატოლოგიაში, სწორად და საფუძვლიანად შეისწავლონ. ორტომეული პაროდონტოლოგიის ბაზისური საკითხებით დაწყებული, რთული კლინიკური შემთხვევების მართვის გაიდლაინებით დასრულებული, ყველა ასპექტს მოიცავს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელოა, რომელიც, პაროდონტოლოგიის საერთაშორისო  კლასიფიკაციის განახლების შემდეგ, ყველაზე თანამედროვე სტანდარტებს, მიდგომას, მეთოდს,  რეკომენდაციას და მტკიცებულებებს ეფუძნება. ავტორები წიგნზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. წიგნის შექმნასთან დაკავშირებით მათ კონსულტაციები რომის საპიენცას უნივერსიტეტში გაიარეს. ახალი კურიკულუმის მიხედვით, ორტომეული სასწავლო პროცესში მეორე კურსიდან ჩაეშვება და სასწავლო პროგრამაში იქნება გათვალისწინებული.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ რომის საპიენცას უნივერსიტეტის პირის ღრუსა და ყბა-სახის მეცნიერებების დეპარტამენტის პაროდონტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი - ანდრეა პილონი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი საქართველოში - ამირან გამყრელიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - გიორგი შარვაშიძე, უნივერსიტეტის პრორექტორი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და სხვა ქართველი თუ საერთაშორისო დონის დარგის სპეციალისტები.

მოკლე ინფორმაცია ორტომეულის ავტორების შესახებ: ქეთევან გოგილაშვილი სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ დამფუძნებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე.  თეა ნაცვლიშვილი პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა „ალბიუსის“ ხელმძღვანელი და ქირურგი-პაროდონტოლოგი, ასევე  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ RADIX-ის ვიცე-პრეზიდენტია. სახელმძღვანელოს ავტორები საქართველოს პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის საზოგადოების დამფუძნებლები არიან.   

 

Businesspartner