საზოგადოება
25/11/2020

UG-ის სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ მრჩეველთა საბჭო შექმნა

საქართველოს უნივერსიტეტის (UG) სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის, დასაქმების ბაზარზე კონკურენტურიანობის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭო შექმნა.

UG-ის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი ნათია კალაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ მრჩეველთა საბჭო სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროგრამებს სტრატეგიული მიმართულებების მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

„საბჭოს წევრები პროფესიული გამოცდილების, აკადემიური მიღწევების და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული გამორჩეული პირები არიან. საბჭოს მიზანია დაგვეხმაროს ინსტიტუციებს, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაძლიერების გზების მოძიებაში. მოხარული ვართ, რომ ჩვენ გარშემო ასეთი დიდი გამოცდილების პროფესიონალებმა მოიყარეს თავი“, - განმარტავს ნათია კალაძე.

მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტებულია საერთაშორისო და ადგილობრივი კადრებით, მათ შორისაა მარტინა ტოპიჩი, რომელიც ლიდსის ბიზნესის სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი ლექტორია. მარტინას აქვს დოქტორის ხარისხი მარკეტინგში, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და კომუნიკაციებში; სოსო გალუმაშვილი, რომელიც 2002 წლიდან არის PR და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია Gepra-ს დამფუძნებელი და უფროსი კონსულტანტი; მანუელა მანლიჰერი სოფიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; თინათინ რუხაძე არის ACT- ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. თინათინი არის მეწარმე, ბიზნესის ლიდერი და მენეჯერი; ნადია ვისერსი არის ჟურნალისტიკის ევროპული ტრენინგის ასოციაციის (EJTA) დირექტორი. EJTA აერთიანებს ჟურნალისტიკის 70-ზე მეტ ცენტრს, სკოლას და უნივერსიტეტს ევროპის 30-მდე ქვეყნის მასშტაბით.

საბჭოს წევრები არიან ასევე: თინა ბეთელს-შვაუბაუერი, პიტერ ნეიჯანი, ნიკო დროკი, კარიენ ჯ. ტოუენი და ფრატერ ვაუთერი.

როგორც ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ლელი ბიბილაშვილი განმარტავს, მრჩეველთა საბჭო საჭიროების შემთხვევაში ყოველ სემესტრულად, წლის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ შეიკრიბება.

"მრჩეველთა საბჭოს გამოცდილი წევრები სკოლას გაუზიარებენ მოსაზრებებს არსებული პროგრამებისა და კვლევების გაუმჯობესებაზე, შესთავაზებენ რეკომენდაციებს სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, იმსჯელებენ კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის გზებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“, - განმარტავს ლელი ბიბილაშვილი.

როგორც UG-ის საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში ამბობენ, ამ ეტაპზე მრჩეველთა საბჭო ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამებისთვის იმუშავებს, მალე კი საერთაშორისო ურთიერთობების და ფსიქოლოგიის დეპარტამენტებისთვის ანალოგიური საბჭოების წევრების ვინაობაც გახდება ცნობილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები