საზოგადოება
16/03/2020

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა იზღუდება

18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, – გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

გიორგი გახარიას თქმით, არსებობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი 4 განზომილება, რომლის ეფექტური მართვაც საბოლოო ჯამში არსებულ გამოწვევასთან გამკლავებაზე აისახება. ესენია – ჯანდაცვა; ეკონომიკა; ლოგისტიკა და მარაგების მართვა; საზოგადოებრივი წესრიგი.

თითოეულ მიმართულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი პროფილის მინისტრი.

საქართველოში დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 33 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

ამ ეტაპზე კარანტინში  იმყოფება 637  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – 54 პირი.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, ხშირად დაიბანონ ხელი, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, არ იმოგზაურონ საზღვარგარეთ და რისკის ზონაში მოხვედრის შემთხვევაში, მკაცრად დაიცვან თვითიზოლაციის წესები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.

Businesspartner