საზოგადოება
17/09/2021

ვახტანგ ჭარაია: პოლიტიკოსებისგან საპენსიო საკითხების მოგვარების კონკრეტული გეგმა არ მოგვისმენია, მხოლოდ პოპულიზმი ისმის

საპენსიო სესხები და მათზე რიცხული საპროცენტო განაკვეთი ის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რითიც არა ერთმა პარტიამ და პოლიტიკოსმა მიიქცია ყურადღება. ხშირად კეთდება საჯარო განცხადებები და ზოგჯერ აქცი-პერფორმანსებიც იმართება. თუმცა, ანალიტიკოსები შენიშნავენ, რომ პოლიტიკოსები პენსიებთან და საპენსიო სესხებთან დაკავშირებით კონკრეტიკის გარეშე საუბრობენ და რეალურად, საკითხის მოგვარების გეგმა არ აქვთ.

ეკონომისტ ვახტანგ ჭარაიას მიაჩნია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან, ამ ნაწილში, საქმე გვაქვს პოპულიზმთან. ამის შესახებ მან “ბანკები და ფინანსებთან“ საუბარში განაცხადა.

„ზოგადად, პოლიტიკაში, ყოველ შემთხვევაში ქართულ რეალობაში, მიღებული პრაქტიკაა, როცა პოლიტიკოსები ისეთ საკითხებზე აკეთებენ განცხადებებს, რომლის შინაარსიც არ ესმით. სავარაუდოდ, მათ შორის არის, ეს საკითხიც. მე არც პირად საუბრებში, არც სადმე შეხვედრებზე და არც მედიით, არ გამიგია, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის  ან გადაწყვეტილებების მიღების ხარჯზე უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი. კონკრეტული მონახაზი იმისა, თუ როგორ უნდა დაარეგულირონ პენსიებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი, არ არსებობს. შესაბამისად, მგონია, რომ როდესაც ესა თუ ის პოლიტიკოსი ამ თემაზე საუბრობს, ადგილი აქვს პოპულიზმს,“- უთხრა ჭარაიამ „ბანკები და ფინანსებს“.

მისივე თქმით, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან ამ საკითხით მანიპულირება ხშირად სცდება საბაზრო პრინციპების ჩარჩოებსაც.

„ამ საკითხში ხელოვნურად ჩარევა, შესაძლოა, ბიზნესში ჩარევასაც ნიშნავდეს. პირობითად, საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი რომ დააწესონ და განაკვეთი იყოს არა  31%, არამედ 25% ან 20%, ეს ხომ  იძულება გამოვა.  ამ  გზით, საქართველოში, მსგავსი გადაწყევტილებების მიღება ხდებოდა და ეს დრო, იმედი მაქვს, წარსულს ჩაბარდა. არავითარი სურვილი არ მაქვს, დაბრუნდეს ისევ ის დრო, როდესაც ბიზნესს პირდაპირ კარნახობდნენ ვისთვის რა უნდა ეჩუქებინა, რა პროცენტში უნდა გაესესხებინა და ასე შემდეგ. ასე რომ, თუ ვინმეს  ასეთი მონახაზის იმედი აქვს და პირდაპირ არ ამბობს, ელოდება ძალაუფლებას და შემდეგ მსგავსი მექანიზმებით აპირებს საკითხის მოგვარებას, ვეტყოდი, რომ სიკეთის კეთება ბოროტების ხარჯზე გამართლებული არასოდესაა. მსგავსი დამოკიდებულება ჩემთვის პირადად მიუღებელია,“- აცხადებს ჭარაია.

ანალიტიკოსის განმარტებით, როდესაც ქვეყანაში 800 000 პენსიონერზე მეტია და მათი უმრავლესობა აქტიური ამომრჩეველია, ამ დროს კი პოლიტიკოსებს არ აქვს რეალური მონახაზი იმისა, თუ როგორ უნდა დაარეგულირონ მათი მწირი პენსიის საფუძველზე გასაცემი ძვირი კრედიტის საკითხი, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ხალხის შეცდომაში შეყვანასთან, ტყუილთან და ამომრჩეველზე ზეწოლასთან.

„ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია და ეს მხარდაჭერილიც უნდა იყოს. თუმცა, ამ შემთხვევაში,  ჩვენ ვხედავთ არა კრიტიკას, არამედ ლანძღვას ისე, რომ საკითხის უკან რა დგას, რეალურად ბევრს არც ესმის. თუ ვინმეს ექნება ჯანსაღი და არგუმენტირებული კრიტიკა, დარწმუნებული ვარ, კომერციული ბანკებიც და ეროვნული ბანკიც სიამოვნებით მოისმენენ და გაანალიზებენ მას. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ჩვენ არგუმენტირებულ კამათს ვერ ვხედავთ“ - აცხადებს ჭარაია.

კითხვაზე, დღეს რა არის უფრო დიდი პრობლემა, პენსიის მოცულობა თუ საპენსიო სესხი, ჭარაია აღნიშნავს, რომ მთავარი კითხვა სწორე ეს არის. მნიშვნელოვანია იმის ანალიზი, თუ რატომ ხდება დღეს პენსიონერი იძულებული, ისეთი პირობებით აიღოს სესხი,რომელიც მას არ მოსწონს.

„პენსიონერი იძულებულია ეს გააკეთოს. სწორედ ამ წერტილიდანაა ათვლა დასაწყები. ბოლო ადგილზე დგას შემდგომ უკვე რომელმა ბანკმა რა პროცენტში მისცა ამ ადამიანს სესხი. მთავარია ის, რომ დღეს პენსიონერს უჭირს, არაფერში ჰყოფნის ის მიმდინარე 240 ლარი, ამას დაამატეთ გაქცეული ინფლაციაც მივიღებთ მთავარ პრობლემას,“ - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას.

„ბანკები და ფინანსების“ კითხვაზე, ფლობს თუ არა ინფორმაციას, რომ 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხზე  (ამ კატეგორიას მიეკუთვნება „ლიბერთის“ ე.წ. საპენსიო სესხიც) სხვა კომერციული ბანკების მიერ შეთავაზებული პირობების მიხედვით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 43-იდან 49% -მდე მერყეობს, ჭარაია აცხადებს, რომ თუ სხვა ბანკები უფრო მაღალ პროცენტში გასცემენ ამ ტიპის სესხებს, ამის გამო ლიბერთის 31% დაბალ პროცენტად მივიჩნიოთ, ეს სწორი არ იქნება.  მეორეს მხრივ, ბაზარზე არსებული რეალობა, თუ კონკრეტული ბანკის (ამ შემთხვევაში ლიბერთი ბანკის) სასარგებლოდ მეტყველებს, ესეც უნდა გავითვალისწინოთ.ფაქტია, რომ სხვა ბანკებს ასეთი ტიპის სესხებზე კიდევ უფრო მაღალი პროცენტი უჭირავთ,“ - აცხადებს ჭარაია.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, შექმნილ სიტუაციაში მოსაძებნია გამოსავალი და საამისო სწორი მექანიზმები. ზოგჯერ გაისმის სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცენტის ან თანადაფინანსების შესაძლებლობაზე საუბარი, ან კიდევ სხვადასხვა მექანიზმებით ეროვნული ბანკის მხრიდან ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ კომერციულ ბანკს შეეძლოს პენსიონერებისთვის კიდევ უფრო ნაკლებ პროცენტში სესხის გაცემა.

„ეროვნული ბანკი ამას მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით გააკეთებს თუ კიდევ რა ბერკეტით, ეს ცალკე განხილვის საგანი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, შესაძლებელია და საფიქრალია სწორი გზების გამონახვა, რომ  ამ ტიპის სესხებზე პროცენტი უფრო დაბალი იყოს. ამას სჭირდება სწორი დაანგარიშება, სწორი გამოთვლა, საკითხის დამუშავება, რომ არ მივიღოთ ისეთი სურათი, როცა პენსიონერს კი შეუმცირდება სესხის ღირებულება, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი სახელმწიფოს, ანუ გადასახადის გადამხდელებს არაგონივრულად ძვირი დაუჯდეს.

აქვე გასათვალისწინებელია ერთი რამ, რაზეც არავინ საუბრობს, - როდესაც „ლიბერთი ბანკზე“ მიდის შეტევა, ამ მომენტში, რომ გადაწყვიტოს ამ ბანკმა და უბრალოდ უარი თქვას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მომსახურებაზე და საქმიანობის პრიორიტეტები შეცვალოს, გადავიდეს, პირობითად, აგროსესხების მომსახურებაზე, სხვა რომელ კომერციულ ბანკს აქვს ფიზიკურად და ტექნიკურად იმის რესურსი, რომ კოლოსალური დანახარჯების გარეშე (რაც თავისთავად, რარაც ფორმით, აუცილებლად გააძვირებს პენსიების გაცემის პროცესს) ამ ნაწილში „ლიბერთი ბანკი“ ჩააანაცვლოს?..

საქმეც ის არის, რომ თუ სხვა ბანკებს, მათ შორის მსხვილ ბანკებს, დედაქალაქში და გარკვეულ რეგიონებში გააჩნიათ საბანკო ინფრასტრუქტურა, გაყიდვის წერტილები, ფილიალები, სერვის ცენტრები და ა.შ. „ლიბერთის“ უპირატესობაა, რომ მას წვდომა აქვს პრაქტიკულად ყველა დასახლებულ პუნქტზე. არავინ ითვალისწინებს იმას, ყოველ შემთხვევაში, საჯარო მსჯელობისას, არავისგან მსმენია, რომ „ლიბერთი ბანკისთვის“ პენსიების დარიგების ტენდერეში გამარჯვებულის სტატუსს არ აქვს მისთვის მხოლოდ პოზიტიური მხარე, რაც შემდგომში, პოტენციურად დასაკრედიტებელი  ფიზიკური პირების ბაზის ზრდაში შეიძლება გამოიხატოს. ეს პროცესი იმავდროულად ითვალისწინებს დიდ საოპერაციო ხარჯს, რაც გულისხმობს ასევე საკადრო თუ დროის რესურსს, რასაც რთული სათქმელია,  ამ დროისთვის სხვა რომელიმე ბანკი შეძლებს, თუ ვერა,“-ა ცხადებს ჭარაია.

ცნობისთვის, 31 აგვისტოს „ბანკები და ფინანსებმა“ გამოაქვეყნა მოკვლევის შედეგები, საიდანაც ირკვევა, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1000 ლარამდე სესხის ნომინალური (და არა ეფექტური) საპროცენტო განაკვეთი, უგირავნო სესხებზე ქართულ კომერციულ ბანკებში საშუალოდ 26.8%-ს შეადგენს. რაც შეეხება, „ლიბერთი ბანკს“, მოკვლევის შედეგად დაფიქსირდა, რომ ასაკის მიუხედავად (60-დან 85-მდე)  მომხმარებლებს,  და იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ დამატებითი შემოსავალი, შეუძლიათ ისარგებლონ სამომხმარებლო ტიპის, უგირავნო სესხით. ამ ტიპის სესხის (მათ განეკუთვნება, მათ შორის, ე.წ. საპენსიო სესხები) ეფექტური ანუ რეალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს  30,65%-ს და იგი მოიცავს სესხის მომსახურების აბსოლუტურად ყველა ხარჯს, ყოველგვარი დამატებითი საკომისიოების გარეშე.

Businesspartner