საზოგადოება
08/06/2021

ვაქცინაციისთვის მთავრობა კლინიკებს ანაზღაურებას გაუზრდის 

მთავრობა გეგმავს, რომ ვაქცინაციისთვის კლინიკებს ანაზღაურება გაუზარდოს. ამ ეტაპზე თითო აცრაში სახელმწიფო კლინიკებს 2.5 ლარს უხდის, ორჯერადი აცრის შემთხვევაში 5 ლარს. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ფინანსთა სამინისტროსთან ანაზღაურების გაზრდის მიზნით მუშაობა მიმდინარეობს. შესაძლოა კლინიკებს ორჯერ მეტი გადაუხადონ. 

“ვაქცინაციის კაბინეტების დამატება აუცილებელია, რადგან ჩვენ სხვაგავრად მასიური ვაქცინაციის პროგრამას ვერ განვახორციელებთ. ამ ეტაპზე ვაქცინაციის კაბინეტები ძალიან დატვირთულია თბილისში, შედარებით ნაკლები დატვირთვაა რეგიონებში. მასიური ვაქცინაციის ცენტრების დამატებაზე მიდის აქტიური მუშაობა.

რაც შეეხება ანაზღაურებას, როდესაც დაინერგა პროგრამა, ორჯერადი ვაქცინაცია 5 ლარით განისაზღვრა. როდესაც დამატებითი მოთხოვნები გაჩნდა ვაქცინაციის კაბინეტების მიმართ, მათ შორის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაწევის აუცილებლობა, მონიტორინგის აუცილებლობა, გადაფასდა ეს ღირებულება. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან, დამატებითი რესურსის მობილიზებისთვის, რათა მეტი მოტივაცია შეექმნათ კლინიკებს. ანაზღაურება სავარაუდოდ გაორმაგდება, მაგრამ ამ დეტალებზე ვმუშაობთ და დამატებით კიდევ გვექნება დაზუსტებული პასუხი“,-აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

 

 

 

Businesspartner