ფოტო: Thearon W. Henderson, AFP
საზოგადოება
20/12/2021

ზაზა ფაჩულია: მე ყოველთვის წარმოვადგენდი ჩემს დიდ ოჯახს, საქართველოს

„თავისუფლება ადამიანში, მის ზნეობასა  ღირებულებებშია,“ – ასე პასუხობს NBA-ს ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია კითხვას "რაშია თავისუფლება".

მიუხედავად იმისა, რომ ზაზა ფაჩულიას საქართველოში არსებულ ბიზნესებზე “იმედის“ ეთერში არ უსაუბრია, ილაპარაკა კომპანია Crosty-ს ძირითად განაცხადზე. სწორედ „თავისუფლება“ აწერია ქართული ბრენდის სპორტულ ფეხსაცმელს, რომელიც ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოირგო, მათ შორისაა, სტეფ კარი, სინდი ბრუნა, პატრიკ შვარცნეგერი, კლეი ტომფსონი. ბრენდის ფეხსაცმელები გარდა იმისა, რომ გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინით, შთაგონებულია საქართველოთი და მისი თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიით.

როგორც ზაზა ფაჩულიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა, მისი მიზანი ყოველთვის იყო საქართველოს წარმოჩენა.

„ჩემთვის თავისუფლება არის აკეთო ის საქმე და იარო იმ გზით, რაც მიგაჩნია სწორად და რომელიც შენ და შენს ოჯახს წარმოაჩენს. წლების წინ როდესაც საქართველო დავტოვე, ჩემი გადმოსახედიდან, ყოველთვის წარმოვადგენდი ჩემს დიდ ოჯახს, საქართველოს და ეს არის ჩემთვის თავისუფლება“, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია კომპანია „ქროსთ გლობალის“ წილის მფლობელია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის კომპანიაში 9.1%-ს ფლობს.

კალათბურთელმა ბრენდთან ურთიერთობაზე ისტორია რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ გამოცემასთან გაიხსენა, ის აღფრთოვანებით ყვება თუ როგორ მიიღო პირველი ჩემპიონატის გამარჯვების შემდეგ ქართული ბრენდისგან უზარმაზარი ყუთი საჩუქრად.

„გამარჯვებას მილოცავდნენ და ჩემი საყვარელი, თეთრი ფერის ბოტასები გამომიგზავნეს. მანამდე მათ შესახებ არაფერი მქონდა გაგებული. ძალიან მომეწონა, იგრძნობოდა ხარისხი და მათი მხარდაჭერა გადავწყვიტე,“ - განმარტავდა ზაზა ფაჩულია.

შეგახსენებთ, რომ Crosty-ს ორი ძმის შექმნილი ბრენდია. კომპანიამ სპორტული ფეხსაცმელების გაყიდვა 2016 წლის დაიწყო და ექსპორტზეც გავიდა. აღსანიშნავია, რომ ბრენდმა წარმოება საქართველოდან (ქუთაისი) იტალიაში გადაიტანა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი მიქაიამ „ბიზნესპარტნიორთან“ ცოტა ხნის წინ განაცხადა, ახლა ქართული ბრენდის სლოგანია "დაბადებულია საქართველოში და წარმოებულია იტალიაში".

Businesspartner