საზოგადოება
18/11/2020

ზვიად კირტავა: ჩვენ ვაქცინის მიღებას, ალბათ, გაზაფხულის ბოლოსკენ შევძლებთ

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინა ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში წლის ბოლომდე ამერიკასა და გერმანიაში, 2021 წლის გაზაფხულისთვის კი ევროკავშირის ქვეყნებში გაიგზავნება. საქართველო მას სურვილის შემთხვევაში, სავარაუდოდ, 2021 წლის გაზაფხულის ბოლოს მიიღებს.

„ვაქცინას ტრანსპორტირებისას ძალიან დაბალი ტემპერატურა, -80 გრადუსი სჭირდება. ევროპისა და ამერიკის მასშტაბით სათანადო ლოგისტიკური მზადყოფნა უკვე არის, რადგან შესყიდვები იქ უკვე განხორციელებულია. ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, თუ ჩვენ ამ ვაქცინის შეძენა გვსურს, მუშაობა ახლავეა დასაწყები.

ვაქცინას რამდენიმე სხვადასხვა ეფექტის განპირობება შეუძლია. ერთი ის, რომ არ მოხდეს ინფექციის გადაცემა და მეორე - არ განვითარდეს კლინიკური დაავადება, ან თუ განვითარდება, არ იყოს განსაკუთრებით მძიმე ფორმებში. პირველი დოზები, ალბათ, ძირითადად გაიგზავნება წლის ბოლოსთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს და გერმანიაში, 2021 წლის გაზაფხულის დასაწყისში ელოდებიან, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა მიიღებს. ჩვენ, ალბათ, უფრო გაზაფხულის ბოლოს შეიძლება გვქონდეს მოლოდინი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა ინიციატივები სოლიდარობის პროგრამით ცდილობენ, რომ ეკონომიკური განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფმა ქვეყნებმაც მიიღონ ის და სრული ხელმისაწვომობა იყოს გარანტირებული მსოფლიოში.

შეიძლება, ჩვენ ეს ვაქცინა საბაზრო ფასით არ მივიღოთ და მივიღოთ იმ ინიციატივების წყალობით, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მეშვეობით კეთდება. შეიძლება, იყოს სპეციალური ფასი. თუ დავთვლით იმას, რომ ამერიკის მთავრობა 50 მილიონ დოზაში 2 მილიარდი დოლარი გადაიხადა, ეს საკმაოდ მაღალი ფასია. თუმცა ის იხარჯება სამედიცინო ინოვაციებზე. ეს არ არის ვაქცინის ფასი, შეიძლება მასში სხვა მომსახურებებიც შედიოდეს“,- განაცხადა „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, ზვიად კირტავამ.

Businesspartner