სოფლის მეურნეობა
02/08/2021

1 კგ რქაწითელის ფასი 90 თეთრი იქნება - მთავრობა რთველს წელსაც ასუბსიდირებს

მთავრობა წელს რთველი სუბსიდირებას მოახდენს. 1 კგ რქაწითელის ღირებულება არანაკლებ 0.90 ლარი იქნება. 

“ჩვენ უკვე დავიწყეთ რთველისთვის სამზადისი. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, გაშენდა ახალი ვენახები“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ბოლო 8 წელიწადში დაახლოებით 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა.

„ბოლო 8 წელიწადში დაახლოებით 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. 2012 წელს ღვინის კომპანიების რაოდენობა ქვეყანაში იყო 39, 2020 წელს კი 350 ღვინის კომპანიაა, ამაში შედის ღვინის მარნები, მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიები. მთლიანობაში, კახეთის რეგიონისთვის, მეღვინეობიდან 2012 წელს შემოსავალი იყო 35 მილიონი ლარი, 2020 წელს კი შემოსავალი 323 მილიონამდე გაიზარდა. 323 მილიონი შევიდა კახეთის რეგიონში, მხოლოდ ყურძნისგან. ეს არის რეალურად შედეგი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და განსხვავებას მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს საკუთარ ჯიბეზეც“, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება ყურძნის გადამუშავებას, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წელს გადამუშავდა 52 200 ტონა ყურძენი, ხოლო 2020 წელს - 283 ათასი ტონა ყურძენი.

„ასეთი პროგრესი გვაქვს ამ დარგში. ეს არის ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგი, რომელსაც ახლა ვიმკით და ეს ყოველივე ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. წელს ყურძნის ჭარბ მოსავალს ველოდებით, დაახლოებით 300 000 ტონას და ჩვენი ინფორმაციით, აშკარაა, რომ ღვინის კომპანიების მხრიდან თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაიკლებს ჭარბი მოსავლის გამო, რომელიც წინა წლებშიც ჰქონდათ. მათ, შეიძლება, გაუჭირდეთ დაბინავება-რეალიზაცია და სწორედ ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩვენ წელსაც მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება. 1 კგ რქაწითელი ეღირება არანაკლებ 0,90 ლარი, აქედან კომპანიები სახელმწიფოსგან დამატებით მიიღებს 0,35 ლარს, ანუ რეალურად, მოსახელობა მიიღებს ამ დანამატს და ჯამში, მინიმუმ 0.90 ლარი იქნება კილოგრამი ყურძნის ფასი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები