სოფლის მეურნეობა
13/01/2023

2022 წელს ღვინის ხარისხი 48 კომპანიაში შემოწმდა, 19-ში დარღვევა აღმოჩნდა

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2022 წელს, სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა ღვინის 48 კომპანიაში განხორციელდა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.
 
სააგენტოს ინფორმაციით, აღებული 972 ნიმუშიდან დარღვევა 18 კომპანიის 30 ნიმუშში აღმოჩნდა.
 
საანგარიშო პერიოდში, ასევე განხორციელდა 243 საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული იყო 624 ნიმუში.
 
ამასთან, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „SGS“ და „Bureau Veritas” მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 200 ინსპექტირება განხორციელდა.
 
საერთო ჯამში, ინსპექტირების ფარგლებში შეუსაბამობა 19 კომპანიის 33 ნიმუშში აღმოჩნდა.
 
საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 280 დეგუსტაცია. სულ შემოვიდა 12 632 ნიმუში, აქედან 630 ნიმუში შეფასდა უარყოფითად. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლის ფარგლებში, აღებულ იყო 125 ნიმუში, რომლებზეც მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები.
 
 
 
 
Businesspartner