სოფლის მეურნეობა
22/07/2021

50 სულიან ფერმაში რობოტის სისტემის დანერგვას ₾1.5 მლნ-იანი ინვესტიცია სჭირდება

საქართველოში მეცხოველეობაში პირველი პრეცედენტი შეიქმნა იმისა, რომ ფერმაში რობოტი იმუშავებს. პროექტი კახეთში, ტიბაანის მეცხოველეობის ფერმაში ხორციელდება, თანამედროვე ტექნიკის სრულ აღჭურვას კი კომპანია „კავკასიის გენეტიკა“ ახორციელებს.

კონკრეტულად რა პროცესი უნდა გაიაროს ფერმამ, რომელსაც სურს მესაქონლეობის ფერმაში თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგოს, გაზარდოს წარმადობა და მეურნეობაში ცხოველთა კვების, წველის და ნაკელის დასუფთავების პროცესი რობოტექნიკით განახორციელოს, აღნიშნულ საკითხებზე „ბიზნესპარტნიორთან“  „კავკასიის გენეტიკის“ დამფუძნებელმა თამარ ყაჭაშვილმა ისაუბრა.

მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც დაინტერესებული ფერმერი მათ კომპანიას მიმართავს, ხდება ადგილზე სიტუაციის შესწავლა, შეფასება იმაზე, თუ რა რესურსი არსებობს, რა რესურსის მოზიდვაა შესაძლებელი და განისაზღვრება კონკრეტული ფერმერის მიზანი, რაზე აქვს გათვლა. ყაჭაშვილის განმარტებით, ეს ინფორმაცია დამუშავდება და ფერმერის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე  შემუშავდება პროექტი.

„ამის შემდეგ ხდება ყველა იმ აღჭურვილობის და დანადგარის მიწოდება/მონტაჟი, რაც ფერმის ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. მათ შორის, ავტომატური საწველი სისტემები, კვების, ნაკელის გატანისა და გაგრილების სისტემები. ამ პროცესში ბოლო ჯაჭვი არის ცოცხალი პირუტყვის მიწოდება, რომელიც მაღალი გენეტიკური პოტენციალითა და  პროდუქტიულობით   გამოირჩევა. შესაბამისად შემდეგ ხდება სასურველი ჯიშის შერჩევა და შემდეგ შემოყვანა ევროპიდან “-აცხადებს ყაჭაშვილი.

დაახლოებით რა ოდენობის ფინანსებთანაა დაკავშირებული მესაქონლეობის ფერმაში მაგალითად რობოტული ტექნიკის და შესაბამისი სისტემების მონტაჟი, ყაჭაშვილი განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტექნოლოგიური განვითრების გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მაგალითად, 50 ფურზე გათვლილ მერძეულ ფერმაში, სადაც იმუშავებს რობოტი და კვების საკითხს გადაჭრის, ინვესტიცია მილიონნახევარ ლარს შეადგენს.

ყაჭაშვილის განცხადებით, დაინტერესებულ ფერმერებს აღნიშნული პროექტის განხორციელება მათ შორის სხვადასხვა მიზნობრივი პროექტებთან და საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად შეუძლიათ. ანუ, შესაძლებელია პროექტის დანერგვა ფინანსური რესურსის მოზიდვის და განვადების საშალებით. კომპანიის მხარდაჭერით ფერმერებს შეუძლიათ მიმართონ საფინანსო ინსტიტუტებს და მონაწილეობა მიიღონ „იაფი აგროკრედიტის“ პროგრამაშიც.

ყაჭაშვილის განცხადებით, კომპანიას აქვს მიმდინარე პროექტები, სადაც დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, ამ შემთხვევაში საუბარი არ არის რობოტულ მანქანებზე, თუმცა, საუბარია თანამედროვე გადაწყვეტებზე ტექნილოგიური თვალსაზრისით.

 „კავკასიის გენეტიკის“ დამფუძნებელი თამარ ყაჭაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ პროექტში გამოყენებულ იქნება ამ დარგში მსოფლიო ლიდერის, DeLaval-ის ტექნოლოგიები.

გარდა რობოტისა, კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიების თითქმის სრული ასორტიმენტის მიმწოდებელია. მათ შორის, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების აღჭურვილობა, საკვები სისტემები, ხელოვნური განაყოფიერების ინსტრუმენტები, ავტომატური და მობილური საწველი სისტემები, ასევე საძოვრების მართვის სისტემები (ელექტრო ღობე) და მრავალი სხვა სახის პროდუქტი და მომსახურება.

 

 

Businesspartner