სოფლის მეურნეობა
24/03/2022

80%-იანი თანადაფინანსება კოოპერატივებისთვის სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად - პირობები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ბოსტნეულის შესანახ სამაცივრე მეურნეობის მოწყობაზე თანადაფინანსებას მიიღებენ. მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა უკვე დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.  

პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო. 

პროგრამა ითვალისწინებს ახალი, მშრალი ან/და სამაცივრე, შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ბოსტნეულისა და კარტოფილის შესანახად. შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 ტონას. 

თანადაფინანსება მოხდება მხოლოდ შემნახველი საწარმოსთვის ძირითადი საშუალებების - შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების შეძენა/შექმნისთვის. 

სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს ძირითადი საშუალებების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-ს, არაუმეტეს 450 000 ლარისა.

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი. 

თანადაფინანსების მისაღებად, პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს. თითოეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.1 ჰა-ს. პოტენციური ბენეფიციარის ან/და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 ჰა-ს. 

პროგრამის  ბენეფიციარის ვალდებულებებია:

შეუნარჩუნოს შემნახველ საწარმოს პროფილი საწარმოს ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში. საწარმო ამოქმედებულად განისაზღვრება თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 18 თვისა, იმ შემთხვევაში, თუ გაცემულია თანადაფინანსების თანხა სრულად ან ნაწილობრივ. ამასთან, დასაშვებია სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში საწარმოს ამოქმედების თარიღი განისაზღვროს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვემდე ვადაში,  ბენეფიციარის შესაბამისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე;

ხელშეკრულების გაფორმებიდან ვალდებულებების სრულად შესრულებამდე არ დაუშვას პროგრამით განსაზღვრული მეპაიეებისა და მიწის ფართობის რაოდენობის შემცირება;

ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის ფარგლებში შექმნილი/შეძენილი ძირითადი საშუალებები იპოთეკით/გირავნობით დატვირთოს სააგენტოს სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამავდროულად, დასაშვებია სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი.

 

Businesspartner