სოფლის მეურნეობა
19/06/2020

აგროდიზელის ფასდაკლების ბარათი 60 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო

18 000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი უკვე 60 000-ზ მეტმა ბენეფიციარმა მიიღო.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ცნობით, პროგრამის ფარგლებში, 1 ივლისამდე ყველა ფერმერი შეძლებს კუთვნილი საწვავის ფასდაკლების ბარათების 20%-ის განაღდებას, არანაკლებ 100 ლიტრისა.

თუ მისაღები დიზელის საწვავის ოდენობა 100 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები შეძლებენ საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად გამოყენებას.

1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე, შესაძლებელი იქნება დიზელის ფასდაკლების ბარათების დამატებით 20%-ის განაღდება, არანაკლებ 300 ლიტრისა.

თუ კუთვნილი საწვავის ოდენობა 300 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად განაღდებას შეძლებენ, ხოლო 1 სექტემბრიდან, მათ ნებისმიერი რაოდენობის დიზელის ფასდაკლების ბარათების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. 

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული მომსახურებისა და მუნიციპალიტეტებში არსებული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში. აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც გასცემს.

Businesspartner