სოფლის მეურნეობა
07/11/2022

ამერიკელი ექსპერტები: საქართველოს ხორბლის წარმოების ზრდის რეალური პოტენციალი გააჩნია

 
საქართველოში ხორბლის მარცვლის ადგილობრივი წარმოების ზრდის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ქვეყანაში ხორბლის სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიციფირების და საქართველოსთვის ხორბლის მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაზრდის მიზნით, ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგები განიხილეს. კვლევის საბოლოო შედეგების საფუძველზე ექსპერტთა ჯგუფი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

გიორგი ხანიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ხორბლის მარცვლის ადგილობრივი წარმოების როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი ზრდა და, თვითუზრუნველყოფით, საერთაშორისო ბაზრებზე დამოკიდებულების ჩანაცვლება.

"კომპეტენტური საბოლოო რეკომენდაციების მიღებით, ხორბლის სექტორში ახალი ეტაპი დაიწყება, რაც ქვეყანაში სასურსათო და სათესლე ხორბლის წარმოებასთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, ერთობლივი ეფექტიანი მუშაობით შევძლებთ დასახული მიზნის მიღწევას“", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. 

როგორც ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალენ ფიზერსტონმა აღნიშნა, ხორბლის სექტორში განხორციელებული პირველადი კვლევის შედეგების საფუძველზე, საქართველოს პროდუქციის ზრდის და ხარისხის გაუმჯობესების რეალური პოტენციალი გააჩნია.

"პროექტი მაშინ იქნება წარმატებული, როდესაც საქართველო მიაღწევს მთავარ მიზანს - გაზრდის ხორბლის მოსავლიანობას და საკუთარი შესაძლებლობებით ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებას", - განაცხადა ალენ ფიზერსტონმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხორბლის დაავადებების საკითხზეც, რომელიც მოსავლიანობის გაზრდის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია.

აღსანიშნავია, მიმდინარე კვლევის ფარგლებში, ამერიკელმა ექსპერტებმა, ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში მოქმედი ხორბლის წარმოება-მომარაგების ჯაჭვი შეისწავლეს, შეხვდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისი სამსახურების სპეციალისტებს, ფერმერებს და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს.

 

Businesspartner