სოფლის მეურნეობა
12/11/2021

"ანიგოზი" მარტყოფის საწარმოში გადამუშავებული კაკლის ექსპორტზე გატანას გეგმავს

კომპანიამ "ანიგოზი" ₾2.503 მლნ-იანი ინვესტიციით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში კაკლის გადამმუშავებელი საწარმო გახსნა.

ინვესტირებული თანხიდან 600 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 1.5 მლნ ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

საწარმოს წარმადობა 500 ტონა კაკლის გადამუშავებაა. საწარმომ პირველი წელს ნედლეული კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონების ფერმერებისგან მიიღო და 110 ტონა კაკალი გადაამუშავა. ამ ეტაპზე, კომპანია წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე გეგმავს, მომავალი წლიდან კი, პროდუქცია ექსპორტზე გავა.

საწარმოში, მუდმივად, 15 ადგილობრივია დასაქმებული. სეზონურად, აქტიური მუშაობის პერიოდში კი, მათი რიცხვი 30-მდე იზრდება.

როგორც საწარმოს დირექტორი ანა ქევხიშვილი ამბობს, მომავალი წლიდან, გაფართოვდება ნედლეულის მიმწოდებელი რეგიონების არეალი, გასამმაგდება გადამუშავებული პროდუქციის მოცულობა და, შესაბამისად, გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი. საწარმოში დაინერგება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას.

Businesspartner