სოფლის მეურნეობა
29/05/2021

ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისის მშენებლობაზე ₾1.3 მლნ დაიხარჯება

ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი აშენდება. 

ახალ, სამსართულიან შენობაში გარემოს ეროვნული სააგენტოს ისეთი სტრუქტურული ერთეულები განთავსდება, როგორებიცაა: მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია.

პროექტის ჯამური ღირებულება 1.3 მლნ ლარია. შენობის საერთო ფართი 1872 მ2-ს შეადგენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, იქთიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. 

სააგენტოს ახალი ოფისის მშენებლობა უკვე დაიწყო. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ახალი ინფრასტრუქტურა და თანამედროვე, მაღალ დონეზე აღჭურვილ ლაბორატორიაში სპექციალისტებს მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ.

"შავი ზღვის ეკოსისტემის შენარჩუნება არის უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენი ევროკავშირთან აღებული ვალდებულების ნაწილი. ამ მიმართულებით სამინისტრო გააგრძელებს ინვესტირებას, თანამშრომლების მხარდაჭერას, ახალგაზრდა კადრების მომზადებას, იმისთვის, რომ უდიდესი რესურსი - შავი ზღვა და მისი ეკოლოგია დავიცვათ”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამედროვე ინფრასტრუქტურა გააუმჯობესებს თანამშრომლების შრომის პირობებს და ხელს შეუწყობს შავი ზღვის ეკოლოგიის და უსაფრთხოების დაცვას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გარემოსდაცვით სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გარემოსდაცვით სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზეც აისახება. ამ ვალდებულებათა შორისაა, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) პრინციპების იმპლემენტაცია, რომლის მთავარ მიზანს შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვა, ზღვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და საზღვაო ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენება წარმოადგენს.

Businesspartner