სოფლის მეურნეობა
12/06/2020

ბლუბერი წელს 80 ტონა ლურჯი მოცვის მოსავლის მიღებას ვარაუდობს

კომპანია ბლუბერი, რომელსაც გურიაში, დაბა ნარუჯაში ლურჯი მოცვის პლანტაციები აქვს, წელს 80 ტონა მოსავლის მიღებას ვარაუდობს.

კომპანიას პლანტაცია 16 ჰექტარზე აქვს და ის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გაშენდა. კომპანია პროექტების - „დანერგე მომავალი”, შეღავათიანი აგროკრედიტი და აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარია.

"ბლუბერი" სახელმწიფო პროექტებში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 100 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო, აქედან, 96 600 ლარი ნერგებისთვის, რომელიც საფრანგეთიდან არის შემოტანილი, ხოლო 3380 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის.

მოცვის კრეფის სეზონზე 150-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

პლანტაციები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა და ამ კულტურის მოყვანის მნიშვნელობაზე აღნიშნა.

„ლურჯი მოცვის ფასი 13-15 ლარია, რაც მწარმოებლებისთვის საკმაოდ მაღალი შემოსავლის წყაროა; ასევე, მნიშვნელოვანი სტიმულია გააფართოონ ბაღები და მიიღონ მეტი მოგება. კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საექსპორტოდ, მზარდია. კენკროვანი კულტურები, უახლოეს სამ წელიწადში, გურიის სავიზიტო ბარათი იქნება”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სულ გურიაში ლურჯი მოცვი 225 ჰექტარზეა გაშენებული. წლის საპროგნოზო მოსავალი 250 ტონას შეადგენს. 

Businesspartner