სოფლის მეურნეობა
31/05/2022

ბორხა გონსალესი: Azud-ს სურს წვლილი შეიტანოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში

მიმდინარე წელს, საქართველოში მასშტაბური სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისა და ირიგაციის რეფორმა დაანონსდა. 

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, სოფლებში არსებობს ძალიან დიდი მიწის ფართობები, სავარგულები, რომელიც დამუშავებულია, მაგრამ მთავარ პრობლემად კვლავ რჩება წყალი. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მომდევნო სამ წელიწადში, წყალუზრუნველყოფილი ფართობები 200 000 ჰექტრამდე გაიზრდება.

„აგრო სოლუშენს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის, დიანა ბერიას განცხადებით, საირიგაციო სისტემის სრულყოფილად მუშაობას ზუსტი საინჟინრო პროექტი და შემდგომში სწორი ინსტალაცია განსაზღვრავს. ეს, ასევე, აისახება კულტურის განვითარებასა და მოსავლიანობაზე. დიანა ბერია განმარტავს, რომ სწორედ ამიტომ, საირიგაციო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის უმთავრესი ფაქტორი მისი სწორად დაპროექტებაა.

ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებობს დაპროექტების აპრობირებული სტანდარტი, რომელსაც წარმატებული ქვეყნები მრავალი წელია იყენებენ.

წყლის ეფექტური მენეჯმენტის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, მოწინავეა ესპანური კომპანია AZUD, რომელიც სამ წელზე მეტია, საქართველოში „აგრო სოლუშენს ჯგუფთან“ პარტნიორობს. AZUD-მა „აგრო სოლუშენს ჯგუფთან“ ერთად, პარტნიორობის განმავლობაში, ათზე მეტი პროექტი განახორციელა.

როგორც CBW-ისთან ინტერვიუში კომპანია AZUD-ის რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი და აგრო ინჟინერი ბორხა გონსალესი აცხადებს, საქართველოში საირიგაციო წყლის გასანაწილებლად ინფრასტრუქტურის ნაკლებობაა, რაც, გარკვეულ პერიოდში, მოსავლის ზრდას აფერხებს.

"სოფლის მეურნეობისთვის შესაფერისი გარემო პირობებისა და სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, საქართველოს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს ამ სფეროში,” - აცხადებს გონსალესი.

“პროფესიონალური სოფლის მეურნეობა, როგორც ამას ესპანეთში ვუწოდებთ, საქართველოში სულ ახლახან დაიწყო. უნდა გვახსოვდეს, რომ შედეგს ამ სფეროში 5-6 წელიწადში დავინახავთ. ამიტომ, სწორი გადაწყვეტილებების მიღება პროექტის საწყის ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აუცილებელია, მაქსიმალურად სწორად გავაანალიზოთ რისკები.

საქართველოს წყლის უხვი რესურსები აქვს. აღსანიშნავია წყლის ხარისხი აგრონომიული თვალსაზრისითაც. რასაკვირველია, ოპტიმალურ პირობებში, სათანადოდ მორწყულ პლანტაციას უფრო მეტი მოსავლის მიღება შეუძლია, ვიდრე - ბუნებრივ პირობებში. როგორც წესი,  საირიგაციო სისტემები სწრაფად ამორტიზირებადია.  მაგალითისთვის, ესპანეთში სოფლის მეურნეობის სექტორის 50% მოდის ფერმებზე, რომელთაც გამართული საირიგაციო სისტემები აქვთ. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ რესურსების ქონა არ არის საკმარისი.

იმისათვის, რომ საირიგაციო პროექტი წარმატებით განხორციელდეს, საჭიროა კონკრეტული ინფრასტრუქტურის შექმნა. არანაკლებ მნიშვნელოვანია რესურსების მენეჯმენტი იმისათვის, რომ წლის ნებისმიერ პერიოდში,  წყლის მუდმივი ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ. ზაფხულში, მდინარეებიდან და არხებიდან წყლის მიწოდება მცირდება. ამიტომ, ამ პერიოდში ფერმები წყლის ნაკლებობას განიცდიან. ეს პირდაპირ დარტყმას აყენებს მოსავალს და, შესაბამისად, ფერმერების შემოსავლიანობას.

წყლის ინფრასტრუქტურასთან ერთად, აუცილებელია ეფექტურობის გაზრდა, რაც გულისხმობს წყლის ჭარბი მოხმარების მინიმიზაციას.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პოტენციალი საკმაოდ დიდია და AZUD-ს სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პოტენციალის სწორი მიმართულებით განვითარებაში. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ ქვეყანას, რაც შეიძლება მეტად შეამციროს სოფლის მეურნეობის კუთხით სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულება და მხარი დავუჭიროთ სასოფლო სამეურნეო არეალების კონსოლიდაციაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და ნათელი მომავალის გარანტიაში ახალი თაობებისთვის,“ - განმარტა ბორხა გონსალესმა.

 

Businesspartner