სოფლის მეურნეობა
18/08/2021

"ბუტრანა" თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ფერმას ტიბაანში სექტემბერში გახსნის

კომპანია "ბურტანა" სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ფერმას სექტემბრის მეორე ნახევარში გახსნის. 

ამ ეტაპზე ფერმის აღჭურვა მიმდინარეობს, მის გამართულ მუშაობას კომპანია „კავკასიის გენეტიკა" უზრუნველყოფს.  

ეს იქნება სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსი, სადაც, ერთი მხრივ, სანაშენე მიმართულება იფუნქციონირებს, მეორე მხრივ, კი გადამზადდება პერსონალი.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" "ბუტრანას" დამფუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, ფერმის საინვესტიციო ღირებულება მილიონი ლარია.

ახალი ფერმის აშენება "ბუტრანას" საშუალებას მისცემს წარმოება გააფართოვოს. „ბუტრანას“ ამ ეტაპზე 20 სახეობის ყველს აწარმოებს. მაგალითად, საფერავში დაძველებული ყველი, თაფლში დავარგებული ყველი, მწვანე და წითელ პესტოში დამზადებული ყველი, თხილიანი, კენკტიანი აჯიკიანი და ა.შ.

"ასეთი ტიპის საწარმოები სხვა რეგიონებშიც კეთდება, რაც ნიშნავს, რომ მეცხოველეობა ვითარდება სწრაფი ტემპით. ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოში ფერმერული მეურნეობა და სანაშენე მეურნეობა თანამედროვე სტანდარტებით განვითარდეს. ჩვენ გვაქვს ათწლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მესაქონლეობის მიმართულებითაც გათვალისწინებულია“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ფერმის მშენებლობის მიმდინარეობის დათვალიერებისას.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმის მოსაწყობად შპს „ბუტრანამ“  შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა, სესხის თანხა 325,000 ლარს შეადგენს.

„ბუტრანას“ ღვინისა და ყველის კომპანია სიღნაღის რეგიონში, ტიბაანში მდებარეობს. კომპანია 20–ზე მეტი სახეობის ყველს, ქვევრის ღვინოსა და სუფრის ყურძენს აწარმოებს.

Businesspartner