სოფლის მეურნეობა
11/02/2021

ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის 10%-იან ზრდას ელიან

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ელიან, რომ მიმდინარე წელს ღვინის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. რაც შეეხება სტრატეგიულ ბაზრებს, ისინი იგივე რჩება.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ქართული ღვინო აშშ-ს, ბალტიისპირეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იაპონიის, ჩინეთისა და პოლონეთის ბაზრებზე გადის.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, მიმდინარე წლის იანვრში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღვინის ექსპორტის კლებაა. თუმცა, როგორც ლევან მეხუზლა განმარტავს, ექსპორტის მიმართულებით რეალური სურათის დასანახად საჭიროა დაახლოებით 2-3 თვე გავიდეს.

„ამ შემთხვევაში ცოტა ფრთხილ პროგნოზებს ვაკეთებთ, იქიდან გამომდიარე, რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს ღვინის ექსპორტზე პანდემიას და სამწუხაროდ ძალიან მკვეთრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები,“ - ამბობს ლევან მეხუზლა ექსპორტის მიმართულებით, სამომავლო პროგნოზებზე საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი 2020 წელს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მესამე ადგილს იკავებდა. ჩინეთში ექსპორტის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია და 476 მლნ დოლარს აჭარბებს. რაც შეეხება ქართული ღვინის ექსპორტს ჩინეთში 2020 წელს პანდემიამ 13,269 მლნ-მდე შეამცირა (2019 წელს - 18,8 მლნ დოლარი).

Businesspartner