სოფლის მეურნეობა
31/05/2021

"დანერგე მომავალი" ფართოვდება - რა ცვლილებები შევიდა სახელმწიფო პროგრამაში

სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. მთავრობის დამტკიცებული ცვლილებებით, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ არეალზე არსებული შეზღუდვა მოიხსნა და ბაღების გასაშენებლად თანადაფინანსება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროგრამაში დაზუსტდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დასაფინანსებელი ჰექტრებისა და თანადაფინანსების მოცულობა.

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ ვაშლის, მსხლისა და ბლის ბაღებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 10%, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 20%, კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება არაუმეტეს 50 ჰა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა.

ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის შემთხვევაში თანადაფინანსება მოხდება ღირებულების არაუმეტეს 50%-ისა (ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 15,000 ლარისა), ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 60%-ისა (ერთბენეფიციარზე არაუმეტეს 18,000 ლარისა).

Businesspartner