სოფლის მეურნეობა
30/08/2021

დასეტყვილი ვენახებიდან მხოლოდ 1200 ჰექტრამდე ფართობია დაზღვეული

ლევან დავითაშვილი მევენახეებს აგროდაზღვევაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ დაზღვევის პროცენტი მზარდია, თუმცა კახეთში დასეტყვილი ვენახებიდან მხოლოდ 1200 ჰა-მე ფართობია დაზღვეული.

"აგროდაზღვევის პროგრამაში, სადაზღვეო პრემიის, ანუ სადაზღვეო შენატანის თანხის ნახევარს, ვენახების შემთხვევაში, სახელმწიფო იხდის. ეს არის მნიშვნელოვნად გაიაფებული სერვისი. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის პროცენტი მზარდია, დაზიანებული ფართობიდან, დაახლოებით 1200 ჰექტრამდე ფართობია დაზღვეული. დაზღვეული მევენახეები სრულ ანაზღაურებას მიიღებენ. რა თქმა უნდა, ისინი უპირატეს მდგომარეობაში არიან. ესეც მაგალითია, რომ დაზღვევა აუცილებელი საჭიროებაა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისას, რათა მსგავსი პრობლემები, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, მომავალში ავირიდოთ თავიდან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კახეთში სტიქიამ დაახლოებით 5000 ჰა-ს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. ძირითადად დაზიანებულია ვენახის ფართობები - როგორც საფერავის, ისე რქაწითელის ვენახები. გარემოს და დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ძირითადად, ეს არის თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები, სადაც დაზიანება არის 100%-მდე, თუმცა არის რაიონები, სადაც ზარალი 30-50%-მდეა.

 

Businesspartner