სოფლის მეურნეობა
26/04/2022

დიანა ბერია: ფერმერებს სჭირდებათ ინფორმაცია, როგორ გამოიყენონ სწორად წყლის რესურსი

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის - ფერმერებისთვის სავარგულების მორწყვა დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ამ დროისთვის წყალუზრუნველყოფილი მიწების რაოდენობა წყალუხვიანი საქართველოს პირობებში მცირეა, თუმცა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამ წელში ასეთი ფართობების რაოდენობა 200 ათას ჰექტრამდე უნდა გაიზარდოს.

როგორც „აგროსოლუშენს ჯგუფის“ დირექტორმქ დიანა ბერიამ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი“ აცხადებს, მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოში დაიწყოს სამელიორაციო არხების რეაბილიტაციის და აღდგენის პროექტები, ხოლოდ დასავლეთ საქართველოში სადრენაჟე და საწრეტი არხების სამუშაოებია შესასრულებელი.

თუმცა, მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ ინფრასტრუქტურული ნაგებობების მოწესრიგებით ვერ მოგვარდება. მნიშვნელოვანია ყველა ფერმერს ჰქონდეს ინფორმაცია, წყლის რესურსი სწორად როგორ გამოიყენონ. მათ ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ დონეზე.

„სახელმწიფო ფერმერებს პირველ რიგში ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებაში უნდა დაეხმაროს. მაგრამ, თუ მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაწილზე ვიზრუნებთ, შეუძლებელია იმ სწორ შედეგამდე მივიდეთ, რასაც წყლის რესურსის სწორი მოხმარება ჰქვია. შესაბამისად, მეორე ეტაპზე საჭიროა, სახელმწიფომ ცოდნის ამაღლებაზე იზრუნოს. მაგალითად, ფერმერს, რომელსაც არ აქვს ინფორმაცია, სწორად როგორ გამოიყენოს წყლის რესურსი, ერთმა ფერმერმა შეიძლება გამოიყენოს იმ რაოდენობის წყალი, რამდენიც შესაძლოა დაიხარჯოს 10 ფერმერისთვის“, - აღნიშნა დიანა ბერიამ.

მან წყლის რესურსის სწორად გამოყენების ესპანეთის მაგალითი მოიყვანა, სადაც თვითონ ფერმერები ქმნიან გაერთიანებებს მხოლოდ იმისთვის, რომ წყლის რესურსის სწორი მენეჯმენტი მოხდეს.

„ესპანეთში წყლის გამოყენების მენეჯმენტს თვითონ კოოპერატივები ახდენენ, თითოეულ ფერმერს სწორად უნაწილებენ, იმის მიხედვით, რა რაოდენობის წყალი სჭირდება. ეს პრაქტიკა შეიძლება საქართველოში სწორხაზოვნად ვერ გადმოვიტანოთ, მაგრამ შეიძლება მოვარგოთ ჩვენს საჭიროებას, დავანახოთ ფერმერებს, რომ შედეგზე ორიენტირებული კოოპერატივების შექმნა საჭიროა. შეიძლება ვიფიქროთ მრიცხველების და წყლის გამოყენების რაოდენობის შეფასებაზე. ყველა ფერმერმა განსაზღვროს, რა რაოდენობის წყალი სჭირდება მას რეალურად, იმისთვის, რომ მისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა იყოს წარმატებული“, - აცხადებს დიანა ბერია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები