სოფლის მეურნეობა
30/06/2021

ეფკო: პესტიციდებსა და სტანდარტებზე ინფორმაციის მოპოვება რიგითი გლეხისთვის ურთულესია

რუსეთში მოცვის ექსპორტთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებზე „ბიზნესპარტნიორთან“ ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია "ეფკოს" პროექტის მენეჯერი რატი მორჩილაძე საუბრობს. მისი განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გასაგებია, თუმცა შედარებით ბუნდოვანი.

„საბოლოო ჯამში, ბოლომდე არ ვიცით რა ხდება. ჩვენმა კომპანიამ მაგალითად, გუშინ გააგზავნა რუსეთში 2 მანქანა, საბაჟოზე არანაირი დამატებითი მოთხოვნა არ ყოფილა. როგორც გვაქვს ინფორმაცია, რუსეთის დაწესებული შეზღუდვები 29-30 ივნისიდან შევა ძალაში და საინტერესოა, როდესაც გავაგზავნით მომდევნო მანქანას ამ კვირაში, შემდეგ რა იქნება. ჯერ-ჯერობით არ გამიგია ისეთი ინფორმაცია, რომ საბაჟოდან ვინმესთვის უარი ეთქვათ ან რაიმე დამატებითი დოკუმენტაცია მოეთხოვოთ,“ - აცხადებს მორჩილაძე.

მისი განცხადებით, კომპანიას აქვს Global GAP-ის სერტიფიკატი, რაც ადასტურებს, რომ კომპანიას აქვს ევროპული სტანდარტის შესაბამისი ხარისხი და ტექნოლოგიები. აღნიშნული დოკუმენტით საკმაოდ მკაცრად რეგულირდება პესტიციდების რაოდენობა. მორჩილაძის განმარტებით, ევროპულ ბაზარზე ექსპორტს კომპანია მიმდინარე წელს გეგმავს.

„ევროპაში არის მთელი ნუსხა იმ აქტიური ნივთირებებისა და პესტიციდებისა, რომლების გამოყენებაც დასაშვებია. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, თუ რა დოზით გამოიყენებ, რომელს და როდის,“ - აცხადებს მორჩილაძე.

კითხვაზე, ფერმერის, რომელსაც მოცვის პლანტაციები აქვს და აღნიშნულ პროდუქტს აწარმოებს, სად ხდება ან საერთოდ თუ ხდება აღნიშნული ინფორმაციის მიღება, მორჩილაძე აღნიშნავს, რომ კომპანია „ეფკო“ ამ ინფორმაციას თავად მოიპოვებს.

„დაახლოებით ორი წელია ამ მიმართულებით ვმუშაობთ, ვერკვევით, უცხოელი კონსულტანტები გვყავს. ქართველი რიგითი ფერმერისთვის ძალიან რთულია დააკმაყოფილოს სტანდარტი. ქვეყანაში ამ მხრივ ინფორმაციული ვაკუუმია და ზუსტად ამიტომააა, რომ რუსეთი იყო სარეალიზაციო ბაზარი, სადაც არ ითხოვნდნენ  სურსათის უვნელობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, არც პესტიციდებს და  არაფერს. ამიტომ იყო რუსეთი მთავარი ბაზარი. რიგითი გლეხისთვის ურთულესია ამ ინფორმაციის მოპოვება და მოკვლევა,“ - აცხადებს მორჩილაძე.

მისი განცხადებით, კომპანიამ წელს რუსეთში 20 ტონა მოცვი უკვე გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან, გურიაში, დაბა ლაითურში, შპს „ეფკო“ სოფლის განვითარების სააგენტოს დახმარებით გაშენებულ 36 ჰექტარ მოცვის პლანტაციას მართავს. ამის გარდა, კომპანია ფლობს 326 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწას, რომლის სრული ათვისება შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში იგეგმება. ამ მასშტაბით კომპანია იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული აგრო ექსპორტიორი მსოფლიო ხილ-ბოსტნეულის ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებლის პოზიციონირებას და გურიის რეგიონში სამუშაო ადგილებისა და დოვლათის შექმნას.

აღსანიშნავია, რომ "ეფკომ" ლურჯი მოცვის კომპანია „ვანრიკ აგროს“ აქტივები 12,34 მლნ ლარად საპარტნიორო ფონდის მიერ გამართულ აუქციონზე 2020 წელს შეიძინა.

რაც შეეხება რუსეთის მიერ დაწესებულ რეგულაციებს. მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ ფერმერებს რუსეთში აგროპროდუქტების გატანასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, საუბარია, მათ შორის მოცვის, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტზე.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო კი დღესვე აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციაში მცენარეული პროდუქტის იმპორტზე განსაკუთრებული  შეზღუდვები არ მოქმედებს.

"აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციაში პესტიციდების გამოყენების რეგლამენტის დაცვისა და პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა. ახალი რეგულაცია მოქმედებს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში. 

იმპორტირებული პროდუქციის კონტროლის მიზნით, „როსსელხოზნადზორი“ უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებელი ქვეყნიდან პესტიციდების გამოყენების რეგლამენტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და კვლევები გამოითხოვოს", - განმარტებულია სეს-ის განცხადებაში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცით, 2020 წელს 3.8 მლნ დოლარის 668 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, 2019 წელს კი 983 000 დოლარის 199 ტონა.

ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა 2019-2020 წლებში რუსეთი იყო. 2019 წელს საქართველომ რუსეთში 178 900 ტონა (816 800 დოლარი) მოცვი გაიტანა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 631 800 ტონამდე (3.6 მლნ დოლარი) გაიზარდა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები