სოფლის მეურნეობა
23/03/2022

"ექსპორტიორებმა ალტერნატიული ბაზრები უნდა მოიძიონ" - რისკები და შესაძლებლობები

რეგიონში არსებული მდგომარეობის ფონზე, ქართველი მწარმოებლებისთვის ალტერნატიული ბაზრების მოძიება კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ატმის, საადრეო კარტოფილის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებთან მოსავლის აღებისა და დაბინავების მოსალოდნელ გამოწვევებზე განიხილა.

გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ ექსპორტიორებმა ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე აქტიურად უნდა იმუშაონ, სახელმწიფოს მხრიდან კი მხარდაჭერა ექნებათ.

„მწარმოებელ ფერმერებთა და ექსპორტიორთა შემოსავალი დამოკიდებულია რეალიზაციის შესაძლებლობებზე - სად გაიტანენ, როგორ მოახდენენ ექსპორტს. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ შესაძლო რისკებზე, რასაც, არსებულ მოვლენათა პირობებში შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ექსპორტიორებს მიეცათ განმარტება, რომ რაც შეიძლება მეტი იმუშაონ ბაზრების მოძიებაზე. წელს, როგორც ატმის, ისე საადრეო კარტოფილზე არის ძალიან მაღალი მოსავლის მოლოდინი; გასული წლის წარმატებულმა შედეგებმა ფერმერებს მისცა სტიმული, რომ მეტი ემუშავათ, ეზრუნათ და მეტი მოსავალი მიეღოთ; ამიტომ, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდეს ყველაფერი, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ პროდუქციის რეალიზება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

როგორც სამინისტროს გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, შეხვედრაზე ფერმერებმა და ექსპორტიორებმა განაცხადეს, რომ უკვე აქტიურად მუშაობენ პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიულ ბაზრების მოძიების მიმართულებით, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გრეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მწარმოებლებთან, ექსპორტისა და იმპორტის განმახორციელებლებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ატმის, ვაშლატამასა და საადრეო კარტოფილის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, კომუნიკაცია მომავალშიც იგეგმება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები