სოფლის მეურნეობა
18/02/2023

EU და FAO ქართველ ფერმერებს ვენახის მოვლის ახალი ტექნოლოგიების შესწავლაში ეხმარება

ვენახის სწორად მოვლა მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის გასაზრდელად - საკითხი, რომელზეც ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ქართული ღვინის მეწარმეებისთვის სამ დღიანი ტრენინგების სერია ჩაატარა.

ვენახის სწორად სხვლა სურსათის უვნებლობასაც ხელს უწყობს, რადგან ის ამცირებს დაავადებების გავრცელებას და შესაბამისად, ზედმეტი ფუნგიციდის გამოყენების საჭიროებას.

საგანმანათლებლო შეხვედრები მცხეთის მუნიციპალიტეტსა და თბილისში გაიმართა. მათ ორმოცზე მეტი ღვინის მცირე, საშუალო და დიდი მეწარმე დაესწრო კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და რაჭიდან. ტრენინგების სერია FAO-ს ვენახის ინტეგრირებული მართვის საერთაშორისო ექსპერტმა – ხულიო პრიეტო დიასმა შეიმუშავა და ჩაატარა.

საგანმანათლებლო კომპონენტი, საქართველოში ღვინის მეწარმეების კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს კონტექსტზე მორგებული ცოდნის გაზიარებით განხორციელდა. ამასთანავე, ტრენინგები კერძო სექტორს ეხმარება ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი სურსათის უვნებლობის ახალი სტანდარტების მიღებაში.

FAO-ს ტრენინგის კიდევ ერთი საკითხი მავნებლებისა და დაავადებების ინტეგრირებული მართვა (IPM) იყო, რომელიც სოკოვან დაავადებებთან გამკლავებასა და საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში გავრცელებული ორი სახეობის მავნებლის (Lobesia Botrana – ევროპული ყურძნის ჭია და Planococcus citri Risso – ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა) „გამრავლების შემაფერხებელ პროგრამას“ მოიცავს.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ვენახის მართვის მდგრადი მეთოდები, რომლებიც FAO-მ შემოიტანა, საქართველოს ღვინის მეწარმეებისთვის მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს. 2022 წელს, FAO-მ Lobesia Botrana-ს საწინააღმდეგოდ, „გამრავლების შემაფერხებელი პროგრამა“ განახორციელა. ღვინის მეწარმეებმა შესანიშნავი შედეგები მიიღეს – მათ ნაკლები ფული დახარჯეს ქიმიკატებზე და ამავდროულად, მეტი მოსავალი აიღეს. ამასთანავე, ფუნგიციდისა და პესტიციდის ნარჩენების შემცირებით, მათ საკუთარი ყურძნისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაც შეძლეს. პროგრამაში ჩართულმა ღვინის მეწარმეებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ევროპული სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან მიახლოების თვალსაზრისით“, – განაცხადა FAO-EU პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა.

“ქართული ღვინის მეწარმეებისთვის საერთაშორისო ექსპერტიზა ზიარდება ქვეყნისა და საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად. გასულ კვირას შესწავლილი ტექნიკების გამოყენებით, ტრენინგებში მონაწილე მეწარმეები შეძლებენ წარმოების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც მათ პროდუქტს კიდევ უფრო უვნებელსა და კონკურენტუნარიანს გახდის საექსპორტო ბაზრებზე”, განაცხადა ჟორჟ დეუმ, ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა.

პრიეტო დიასი საქართველოში უკვე შვიდჯერ ჩამოვიდა საქართველოს ღვინის ინდუსტრიისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ვენახის ინტეგრირებულ მართვის ტრენინგი ამ დროისთვის დაახლოებით 120 ბენეფიციარს აქვს გავლილი.

საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, ღვინის 12  მეწარმე, ჯამში 209 ჰა. მოცულობის ვენახით, „გამრავლების შემაფერხებელ პროგრამაში“ ჩაერთო. ისინი აღნიშნავენ, რომ მოსავალი დაახლოებით 40%-ით გაეზარდათ, ხოლო ყურძნის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ევროკავშირი და FAO, ინტეგრირებული მართვის ტრენინგების ორგანიზებით 2023 წელს გააგრძელებენ ქართული ღვინის მეწარმეების მხარდაჭერას; ასევე ღვინის ახალ მეწარმეებს დაეხმარებიან „გამრავლების შემაფერხებელი პროგრამით“. პროგრამაში 2022 წელს ჩართული ბენეფიციარები კი კვლავ მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას.

ვენახის ინტეგრირებული მართვის ტრენინგებსა და „გამრავლების შემაფერხებელ პროგრამას“ FAO ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს, ENPARD და EU4Business-ის ინიციატივის - „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას იურიდიული გარემოს გაუმჯობესების, ფინანსებთან წვდომისა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით. ევროკავშირის ENPARD პროგრამის საერთო ბიუჯეტია 240 მილიონი ევრო, ხორციელდება 2013 წლიდან და მიზანი სოფლად სიღარიბის შემცირებაა. ENPARD პროგრამის პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობასა და მის მიღმა.

Businesspartner