სოფლის მეურნეობა
15/04/2021

ფილიპ ლესპი: ქართულ ღვინოს შეუძლია გახდეს უპირველესი საერთაშორისო ბაზარზე

ქართულ ღვინოს აქვს ყველაფერი, რომ გახდეს უპირველესი ღვინო საერთაშორისო ბაზარზე, - მიიჩნევს  კომპანია „ჯივიესის“ აღმასრულებელი  დირექტორი და მეღვინე ფილიპ ლესპი.

მისი თქმით, ხარისხი მნიშვნელოვანია და უნდა იყოს აღიარებული მსოფლიოში.

"საფერავი არის აღიარებული ყველგან, ქართული ღვინის ისტორია არის აბსოლუტურად უნიკალური, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით არის კარგი, ამდენად საქართველოს აქვს ყველაფერი გახდეს პრემიუმ ღვინოების მწარმოებელი," - აცხადებს ფრანგი მეღვინე და აღნიშნავს, რომ მთავარია სწორი ნაბიჯების გადადგმა.  

ფილიპ  ლესპი განმარტავს, რომ თუკი ყველაფერს ისე გავაკეთებთ როგორც საჭიროა, საქართველოს ბუნებრივად ექნება რაოდენობაც, ხარისხიც და ფასიც აიწევა. მაგალითად, საფერავიც  გაიყიდება უფრო ძვირად, იქნება ეს GWS-ის თუ სხვა კომპანიის წარმოებული.

მეღვინე ღვინის ეროვნული სააგენტოს დაწყებულ აქტივობას, რომელიც 2020 წლის რთველის დროს ყურძნის ხარისხისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას ითვალისწინებს, სასიცოცხლოდ აუცილებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია გააქტიურდეს ამ მიმართულებით ღვინის სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამასთან,  ამ ღონისძიებას სხვა ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს.  

„ეს ნაბიჯები ძალიან სწრაფად მოგვცემს შედეგებს და 2-3 წელიწადში ჩვენ გვექნება ქართული ღვინის შესახებ გაზრდილი ცნობადობა და ექსპორტის უკეთესი მაჩვენებლები. ჩვენ (საქართველოს)  არ შეგვიძლია სტანდარტული, დაბალი ხარისხის ღვინოების  წარმოება გავაგრძელოთ. ეს არის ქმედება, რომელიც საქართველოს, როგორც ღვინის აკვნის რეპუტაციას შელახავს“, - აცხადებს ფილიპ ლესპი.  

შეგახსენებთ, ”ჯივიესი” “ხვანჭკარას” უმსხვილი  მწარმოებელი ხდება.  ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების  კომპანიამ   რაჭაში საწარმო „ზედაშე“ და მის ირგვლივ გაშენებული 9 ჰექტარი ვენახი შეიძინა.   ამ შენაძენის შემდეგ რაჭაში „ჯივიესის ვენახები“  უკვე 18 ჰექტარს შეადგენს.

Businesspartner