სოფლის მეურნეობა
09/11/2021

"ფრუტილიამ" ციტრუსის ექსპორტი დაიწყო

"ფრუტილიამ" ციტრუსის ექსპორტი დაიწყო. მანდარინის პირველი პარტია რუსეთსა და უკრაინაშია ექსპორტირებული. საწყის ეტაპზე, დაახლოებით 100 ტონა ადრეული მანდარინი გავიდა.

მცირე რაოდენობის მიზეზი შესასყიდი ფასებია, რომლებიც 1-1.30 ლარის ფარგლებშია, რაც ამ ეტაპზე ქართულ მანდარინს ბაზარზე ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის. სტაბილური ფასისა და შესაბამისი ხარისხის მოსავლის მოწევის შემთხვევაში, კომპანია საექსპორტო რაოდენობის ზრდასა და ახალი მიმართულებების ათვისებასაც აპირებს.

„ჯერჯერობით ექსპორტი დასაწყის სტადიაშია. ამ ეტაპზე მიდის გამზადება. პირველი პარტია გავიდა, თუმცა როგორც ყოველთვის საწყის ეტაპზე შესასყიდი ფასი მაღალია და შესაბამისად, რაოდენობაც დიდი არ არის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან. ჯერჯერობით მანდარინის მოსავლის აღება ახალი დაწყებულია და ცოტა ხანში პროდუქციის ხარისხი, ფერი იქნება იმ კონდიციაში, რომ მასიურად მოხდეს მისი გატანა. სტაბილური ფასის პირობებში, ჩვენ ვფიქრობთ, რაოდენობაც გაიზრდება და ბაზრების ათვისებაც უფრო ინტენსიური გახდება,“ - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

მიმდინარე წელს მანდარინის გატანას კომპანია ბელორუსიისა და ყაზახეთის ბაზრებზე გეგმავს. ამასთან, კომპანია მოლაპარაკებებს პოლონელ პარტნიორებთანაც აწარომოებს.

2021 წლის 1 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 478 ტონა მანდარინი გავიდა ექსპორტზე, მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში გაორმაგებულია. მანდარინის ექსპორტიდან ქვეყანამ $171 000 მიიღო. 2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (383 ტონა), რუსეთში (67 ტონა), უკრაინასა (18 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა).

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ სეზონზე საქართველოში 70 000 ტონა ციტრუსის მოსავალს ელიან.

Businesspartner