სოფლის მეურნეობა
28/07/2021

Georgian Products Renaissance: ქართული თხილის ფასი მომავალ კვირას განისაზღვრება

მეთხილეები წელს თხილის გაზრდილ მოსავალს ელიან.

როგორც თხილის დამამუშავებელი კომპანია Georgian Products Renaissance-ის დამფუძნებელი ბაია სალუქვაძე  „ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, კომპანია წელს  გასულ წელთან შედარებით  თხილის 50%-ით მეტ მოსავალს ელოდება.

როგორც სალუქვაძე აცხადებს, თხილის ჩაბარება-გატანის ფასი ამ ეტაპზე უცნობია. „ჯერ არ დაგვიწყია თხილის მიღება არცერთ საწამოში, მოსავლის აღება 1 აგვისტოდან იწყება. ვიგეგმებით, რომ 5-6 აგვისტოსთვის თხილის მიღებისთვის საწარმოებს გავხსნით.

რაც შეეხება ფასს, ამ ეტაპზე გაურკვეველია რა ფასით შემოვა ბაზარზე რამდენადაც თურქეთი თხილის მწარმოებელი ლიდერი ქვეყანაა და მათი ფასი დამოკიდებულია ჩვენს შემდგომ ფასზე. ამის გამო ველოდებით თურქეთს, სადაც დასვენება იყო და შემდეგ კვირაში გაირკვევა რა ეღირება თურქული თხილი და ამის შემდეგ უკვე ქართული თხილის ფასიც დაზუსტდება.

რაც შეეხება გავცრელებულ ინფორმაციას, რომ წელს კილოგრამი თხილის ფასი შეიძლება 10 ლარს გაუტოლდეს, აბსურდულია,“-აცხადებს სალუქვაძე.

Georgian Products Renaissance-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მაგალითად, გასულ წელს, მიუხედავად პანდემიისა,  თხილის ფასი სტაბილური იყო. სალუქვაძე აცხადებს, რომ გასულ წელს, სეზონის დასაწყისში თხილი 5-6 ლარი ღირდა.

2020 წელს კომპანიამ ექსპორტზე 2000 ტონა თხილის გული ძირითადად ევროპაში (80%) გაიტანა, 20% იყო სამხრეთ ამერიკის და სხვა ბაზრების მიმართულება. სალუქვაძე განმარტავს, რომ წელს კომპანია ექსპორტზე დაახლოებით 2 500 ტონა თხილის გულის ექსპორტს გეგმავს.

კომპანიის დაფუძებელი აცხადებს, რომ ექსპორტიორ ქვეყნებს წარმოადგენენ აზია-აფრიკის ქვეყნები, სამხრეთ ამერიკის და ევროპის ქვეყნები. ქართული თხილი გადის ჩინეთშიც. კომპანია თხილის გულს დაახლოებით 35 ქვეყანაში ყიდის.

„ვცდილობთ, ჩვენი პროდუქტი მაქსიმალურად ბევრ ქვეყანაში შევიტანოთ და ბაზარი დივერსიფიცირებული გვქონდეს,“ - აღნიშნავს სალუქვაძე.

თხილის დამამუშავებელი კომპანია Georgian Products Renaissance-ი 100%-ით საექსპორტო პროდუქციას აწარმოებს.

სამეგრელოში, ხობში მდებარე საწარმო Georgian Products Renaissance-ი 2013 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. საინვესტიციო ღირებულება 0.5 მლნ ლარია. 2014 წელს კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში 391 166 დოლარის სესხი, ასევე გრანტის თანადაფინანსება 312 932 დოლარი მიიღო. დაფინანსების შედეგად, კომპანიამ ქარხნისთვის საჭირო ყველა ტექნიკა შეიძინა, მათ შორის სამტვრევი, შესაფუთი და მოსახალი დანადგარები, კომპანიის მეორე საწარმო, რომელსაც თხილის შესანახად იყენებს, კახეთში აქვს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები