სოფლის მეურნეობა
01/11/2022

Georgian Products Renaissance: თხილის სუბსიდირება ფერმერისთვის წახალისებაა

კომპანია Georgian Products Renaissance-ს  დაფუძნებელი ბაია სალუქვაძე მთავრობის მხრიდან თხილის წარმოების სუბსიდირებას იწონებს და აცხადებს, რომ მთავარია შესაძლებელი იყოს ფერმერისთვის გამოყოფილი და გაცემული თანხის მიზნობრიობის მიკვლევადობა.

„იმისთვის, რომ ნედლეული მაღალი ხარისხის მივიღოთ, აუცილებელია თხილის პირველადი წარმოება გამართული იყოს. აქედან გამომდინარე, ფერმერმა არ უნდა მიატოვოს ბაღი და სრული წამლობები უნდა ჩაატაროს.

იმ პირობებში, როდესაც ფერმერები ვეღარ ახერხებდნენ წამლობებს და თხილის პლანტაციების გაჩეხვას აანონსებდნენ, ვფიქრობ, მთავრობის მხრიდან ეს ნაბიჯი არის ერთგვარი წახალისება,“-აცხადებს სალუქვაძე.  

მისი განმარტებით, წელს თხილის ფასი საკმაოდ დაბალია გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ბაზარზე კარგი მოსავალია, ამას ემატება  გლობალური კრიზისი, რაც საბოლოო ჯამში  მოთხოვნა-მიწოდებასა და ფასზე აისახება.

წელს თხილის საექსპორტო ფასი 1 კგ-ზე დაახლოებით 5 აშშ დოლარამდეა.  გასულ წელს კი ამავე პერიოდში კილოგრამი თხილის სტაბილური ფასი 6 აშშ დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება ადგილობრივ ფასს, სამეგრელოში 1 კილოგრამი თხილის ჩაბარება 3-4 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ექსპორტიორ ქვეყნებს წარმოადგენენ აზია-აფრიკის ქვეყნები, სამხრეთ ამერიკის და ევროპის ქვეყნები. ქართული თხილი გადის ჩინეთშიც. კომპანია თხილის გულს დაახლოებით 35 ქვეყანაში ყიდის.

თხილის დამამუშავებელი კომპანია Georgian Products Renaissance-ი 100%-ით საექსპორტო პროდუქციას აწარმოებს.

სამეგრელოში, ხობში მდებარე საწარმო Georgian Products Renaissance-ი 2013 წლის ოქტომბერში დაფუძნდა.

შეგახსენებთ, თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამა იწყება, - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, მთავრობის სხდომის დაწყებისას გააჟღერა. მისი თქმით, პროგრამისთვის პირველ ეტაპზე 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.  პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის-მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით.

Businesspartner