სოფლის მეურნეობა
23/04/2021

GeorgianBlue 4-5 წლის განმავლობაში მოცვის მოსავლის 4000 ტონამდე გაზრდას გეგმავს

GeorgianBlue-ს მიზანია 4–5 წლის განმავლპობაში მოსავალი 4000 ტონამდე გაზარდოს და აითვისოს კომპანიის საკუთრებაში არსებული ასობით ჰექტარი მიწის ფართობი.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ პროექტის მენეჯერი რატი მორჩილაძე ამბობს, 4 ჰექტარ მიწაზე უკვე გაშენებულია უახლესი ჯიშის ნერგები და დაინერგა ინოვაციური ტექნოლოგია, რომლის მთავარი სარგებელი იმაზე ბევრად მეტი მოსავალის მიღებაა, ვიდრე აქამდე იყო შესაძლებელი.

„მოცვის ჯიშები, რომელიც ამერიკული კომპანიისგან შევიძინეთ, გამოირჩევა მდგრადობით, ტრანსპორტაბელურობით და მაღალი ფასით. წელს 200 ტონის ფარგლებში ველოდებით მოსავალს და ჯამში ექსპორტზე 300-350 ტონა მოცვის გატანაა დაგეგმილი. შემდეგი 2-3 წლის განმვლობაში 1500 ტონამდე გავზრდით მოსავალს, ხოლო თუ მთლიანად ავითვისებთ მიწას, 4000 ტონამდეც,“ – ამბობს  კომპანია „ეფკოს” პროექტის მენეჯერი.

GeorgianBlue პირველი კომპანიაა, რომელმაც სრულფასოვანი „პოსტ-ჰარვესტ“ ინფრასტრუქტურა (სწრაფი გაგრილება, სორტირება, დაფასოება) შექმნა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი წარმოების პროცესი დანერგა. GeorgianBlue აკმაყოფილებს მენეჯმენტის, ხარისხისა და სურსათის უვნებლობის უმაღლეს სტანდარტებს, რაც კომპანიას კარს უხსნის ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და აღმოსავლეთ აზიის ბაზრებისკენ.

კომპანიის პროდუქცია 2021 წლიდან ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილი იქნება ახალი ბრენდით GeorgianBlue, რომლის მიზანი ქართული ლურჯი მოცვის, როგორც მაღალხარისხიანი პროდუქტის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებაა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან, გურიაში, დაბა ლაითურში, შპს „ეფკო“ სოფლის განვითარების სააგენტოს დახმარებით გაშენებულ 36 ჰექტარ მოცვის პლანტაციას მართავს. ამის გარდა, კომპანია ფლობს 326 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწას, რომლის სრული ათვისება შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში იგეგმება. ამ მასშტაბის მწარმოებელი იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული აგრო ექსპორტიორი და მსოფლიო ხილ-ბოსტნეულის ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებლის პოზიციონირებას და გურიის რეგიონში სამუშაო ადგილებისა და დოვლათის შექმნას.

აღსანიშნავია, რომ "ეფკომ" ლურჯი მოცვის კომპანია „ვანრიკ აგროს“ აქტივები 12,34 მლნ ლარად საპარტნიორო ფონდის მიერ გამართულ აუქციონზე 2020 წელს შეიძინა.

 

 

Businesspartner