სოფლის მეურნეობა
05/11/2021

გიორგი ხანიშვილი: 5 წელში, ქართული ნუში და კაკალი მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციად იქცევა

საქართველო კაკლოვანი კულტურების მნიშვნელოვან ექსპორტიორად ქცევას გეგმავს. მალე ქვეყანას ნუშის და კაკლის ტექნიკური რეგლამენტიც ექნება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს ხელს უწყობს, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ვალდებულების შესრულებას.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აცხადებს, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები 2013 წლიდან ხორციელდება, ათეულობით მილიონი ლარია ჩადებული როგორც პირველად წარმოებაში, ისე გადამმუშავებელ და შემნახველ მეურნეობაში და ეს ჯერ მხოლოდ საწყისი ეტაპია.

"უახლოეს 5-6 წელიწადში, როგორც ნუში, ისე კაკალი, იქცევა ძალიან მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციად. სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების ხელშეწყობა გრძელდება, უკვე მომზადებულია, როგორც ნუშის, ისე კაკლის მიმართულებით ტექნიკური რეგლამენტი და მას მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს. ეს დოკუმენტები ხელს უწყობს, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ვალდებულების შესრულებას და ისეთი საექსპორტო პროდუქციის წარმოებას, რომელიც მიაწოდებს ქვეყნის შიდა ბაზარს მაღალხარისხიან პროდუქციას და, ამავე დროს, დააკმაყოფილებს ყველა ევროპული თუ არაევროპული ქვეყნის მოთხოვნებს”, -  განაცხადა გიორგი ხანიშვილმა ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის 2018-2021 წლების საქმიანობის შემაჯამებელ კონფერენციაზე.

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ, 2020 წლის დეკემბერში, USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის  მხარდაჭერა მიიღო, რომლის ფარგლებში აქტიურად დაიწყო ამ აგროინდუსტრიის   გაძლიერების ღონისძიებების განხორციელება.

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლაშა ჯუღელის განცხადებით, ასოციაცია, რომელიც 2018 წელს შეიქმნა და, დღეისათვის, მასში გაერთიანებულია 30-ზე მეტი ფერმერი; ასოციაციასთან 800-მდე მწარმოებელი თანამშრომლობს.

 

Businesspartner